"ენერგო-პრო ჯორჯიამ" დარიალის ხეობაში მოსალოდნელი საფრთხის მაუწყებელი ხმოვანი სიგნალი დაამონტაჟა

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიამ" დარიალის ხეობაში, სოფელ გველეთში ხმოვანი სიგნალი დაამონტაჟა, რომელიც მოსალოდნელი საფრთხის დროს ამოქმედდება.

კომპანიის ყაზბეგის მომსახურების ცენტრის მენეჯერის, დავით კიკალიშვილის განცხადებით, სიგნალის დაფარვის ზონა 1000 მეტრს მოიცავს. მისივე თქმით, სიგნალის და ყველა საჭირო გაყვანილობის მონტაჟი "ენერგო-პრო ჯორჯიას" ყაზბეგის მომსახურების ცენტრმა განახორციელა.

"ადგილზე მორიგე მორიგეობს, რომელიც საშიშროების შემთხვევაში ჩართავს ხმოვან სიგნალს", - აღნიშნა "ენერგო-პრო ჯორჯიას" ყაზბეგის მომსახურების ცენტრის მენეჯერმა.

შესაბამისად, კომპანიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობისას, კვლავ დადგება მეწყერის ჩამოწოლის ან სხვა საშიშროება, მომსახურე პერსონალი, რომელიც მუშაობს გაწმენდით სამუშაოებზე, ხმოვანი სიგნალით მიიღებს გაფრთხილებას.

დარიალის ხეობაში მეწყერი შაბათს ჩამოწვა. ამ დროისთვის დაკარგულად 7 ადამიანი ითვლება.