სათხილამურო ტრასაზე მომხდარის შედეგად დაშავებულები და მათი თანმხლები პირები კვებით, სასტუმროთი და ავიბილეთებით უზრუნველყოფილი არიან.
ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, ხარჯებს ”მთის კურორტების კომპანია” დაფარავს.
ამასთან, ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაშავებულებთან ერთად მუშაობენ ფსიქოლოგები.
დაშავებული უცხოელი ტურისტები და მათი ახლობლები ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მოინახულა.
შეგახსენებთ, გუდაურში, გუშინ, სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო 11 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. დაშავებულებს შორის ორსული ქალია, რომელიც შვედეთის მოქალაქეა. ის ამჟამად “მედიქლაბში” მკურნალობს. ღუდუშაურის კლინიკაში კი მკურნალობას 5 პაციენტი აგრძელებს. დანარჩენები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.