სსფ-ს შეფი კრიპტოვალუტების ბლოკჩეინით რეგულირების მომხრეა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფი კრისტინ ლაგარდი აცხადებს, რომ ციფრული ვალუტების ბიზნესს ბევრი საშიშროება ახლავს.

ის განსაკუთრებით ფულის გათეთრების ტერორიზმის დაფინანსების პოტენციურ შესაძლებლობებს გამოჰყოფს.

ლაგარდი გლობალურ დონეზე ციფრული ვალუტების ბაზრის რეგულირების მომხრეა. ის თვლის, რომ ამის გარეშე, ბიზნესის ამ სფეროს კრიმინალიზაცია გარდაუვალი იქნება, რაც ცივილიზებულ სამყაროს ბევრ პრობლემას შეუქმნის. ამასთან, ლაგარდი თვლის, რომ ციფრული ვალუტების ბაზრის კონტროლირება, ბლოკჩეინისვე ტექნოლოგიით არის შესაძლებელი.

„იმ ტექნოლოგიურ სიახლეებს, რომლებზეც დამყარებულია ციფრული ვალუტები, მათ რეგულირებაში ჩვენთვის დახმარების გაწევა შეუძლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ეს ტექნოლოგიები იმის საშუალებას იძლევა, რომ ცეცხლს ცეცხლითვე ვებრძოლოთ“, - ამბობს ლაგარდი.

ბლოკჩეინის ტექნოლოგია მონაცემთა იმ დაშიფრულ ბაზას ეყრდნობა, რომელთა გამოყენებაც, გარიგებათა ჩაწერის და დასადასტურებლად გამოიყენება. ის გარიგებათა და ანგარიშის მფლობელთა ანონიმურობის გარანტიაცაა.

ბიტკოინის და სხვა ციფრული ვალუტების ფასის მერყეობა თითქმის მთელი გასული წლის განმავლობაში გრძელდებოდა. შედეგად, ბიტკოინის ფასმა წლის ბოლოს 20 000 დოლარს მიაღწია. თუმცა შემდეგ 6 000 დოლარსაც კი ჩამოსცდა. ამჟამდ ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი 8 000 დოლარის სიახლოვესაა, მისი კაპიტალზაცია კი 135 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბიტკოინის ფასის კლება იმ უარყოფითი ფონის შედეგია, რომელსაც განვითარებული ქვეყნების მიერ ციფრული ვალუტების ბიზნესის შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯები იწვევს.