აშშ-მა 2017 წელს ნავთობის ექსპორტი გააორმაგა

გასულ წელს შეერთებული შტატებიდან ნედლი ნავთობის ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა.

ენერგეტიკის ინფორმაციის სამმართველოს (EIA) მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ექსპორტის საშუალო დღიური მოცულობა 1.1 მილიონ ბარელს შეადგენდა.

ექსპორტის ზრდა, შტატების ტერიტორიაზე მოპოვების ზრდამ განაპირობა. გარდა ამისა, ექსპორტისთვის ხელსაყრელი ფაქტორები იყო ინფრასტრუქტურის განვითარება და ფასის ზრდა, რამაც თავის მხრივ, ფიქალურ საბადოებზე მოპოვებული ნავთობის რენტაბელობა უზრუნველყო.

ექსპორტის ზრდასთან ერთად, შეერთებულმა შტატებმა საექსპორტო მიწოდების გეოგრაფიაც გაზარდა. კერძოდ, თუ 2016 წელს ამერიკული ნავთობი 27 ქვეყანაში გადაიტვირთა, შარშან მათი რიცხვი ათით გაზიარდა. ამერიკული ნავთობის ძირითადი მომხმარებელი კანადაა, თუმცა მისი წილი ამერიკის მთლიან ექსპორტში 61-დან (2016 წელს) 29 პროცენტამდე შემცირდა. კანადის შემდეგ, 20 პროცენტით მეორე ადგილზე ჩინეთია.

ინდოეთმა ამერიკული ნავთობის შესყიდვა შარშან დაიწყო. გასულ წელს მისი საშუალო დღიური იმპორტი 22 000 ბარელი იყო. ამერიკის სრული იმპორტის მოცულობაში, ინდოეთის წილმა მხოლოდ 2 პროცენტი შეადგინა, რითაც ის ესპანეთთან ერთად, იმპორტიორთა სიაში მე-10 ადგილს იკავებს.

შეერთებულმა შტატებმა ნავთობის ექსპორტზე აკრძალვა 2015 წლის დეკემბერში გააუქმა. ამეს შემდგ, სწრაფად დაიწყო იმპორტის ზრდა, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის სწრაფი ზრდის ძირითადი შემაკავებელი ფაქტორია.

ექსპორტირებული ნახშირწყალბადების საერთო მოცულობაში, ნავთობის წილი 18 პროცენტამდე გაიზარდა. ცნობისათვის, მანამდე ამავე მაჩვენებლის რეკორდული დნ 1999 წელს იყო დაფიქსირებული, როცა ნავთობის წილმა ნახშირწყალბადების ექსპორტში 13 პრცოენტი შეადგინა.

EIA-ს მარტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ წლის მიწურულს, შეერთებულ შტატებში ნავთობის დღიური მოპოვება 11.17 მილიონ ბარელს მიაღწევს. გარდა ამისა, იმავე EIA-ს პროგნოზით, ბრენტ და WTI მარკების ნავთობის ფასებს შორის სხვაობა, წელს 3.96 დოლარს მიაღწევს.