"ფიზიკური პირების სესხების ნახევარი უცხოურ ვალუტაშია - დოლარიზაციის მაჩვენებელი მაინც მაღალია"

ერთია, რომ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ამასთანავე მნიშვნელოვანი ნეგატიური ფაქტორი საქართველოს ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციაა,

- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განუცხადა.

რატომ არ აისახება მოსახლეობის ყოფაზე სტატისტიკურად პოზიტიური ეს შედეგები?

- ეკონომიკური ზრდა მიზანია იმდენად, რამდენადაც მისი შედეგები უნდა აისახოს საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობაზე. ანუ ჩვენი მიზანი ინკლუზიური ზრდაა. აღნიშნულს გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა არის კონკრეტული ფაქტორები რის გამოც არსებული ეკონომიკური ზრდა პირდაპირ, მყისიერ და ადექვატურ ასახვას ვერ პოულობს ჩვენი თანამოქალაქეების შემოსავლებზე.

ერთია, რომ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ამასთანავე მნიშვნელოვანი ნეგატიური ფაქტორი საქართველოს ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციაა. მიუხედავად იმისა რომ ბოლო წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა, იგი მაინც მაღალი რჩება (2017 წლის განმავლობაში დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირდა 71%-დან 66%-მდე, სესხების დოლარიზაცია კი - 65%-დან 57%-მდე).

აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურ პირების სესხების დაახლოებით ნახევარი უცხოურ ვალუტაშია, შემოსავალი კი აქვთ ლარში. ეს ნიშნავს რომ ბოლო წლების განმავლობაში ლარის დაახლოებით 70%-იანი დევალვაციის პირობებში მათ სესხების მომსახურეობის ხარჯი 70%-ით გაეზარდათ.

მაგალითად, თუ პიროვნებას აქვს 1 700 ლარი შემოსავალი და აქვს სესხი უცხოურ ვალუტაში, ვთქვათ აშშ დოლარში, რომლის მომსახურეობაც მას ყოველთვიურად 500 დოლარი უჯდება, ამ 500 აშშ დოლარის შესაძენად მას დევალვაციამდე სჭირდებოდა 850 ლარი, დარჩენილ 850 ლარს კი საკუთარი საჭიროებებისათვის ხარჯავდა. დევალვაციის შემდეგ მისი შემოსავალი ლარში უცვლელი დარჩა, ხოლო იგივე სესხის ყოველთვიური 500 დოლარით მომსახურება მას უკვე 1 300 ლარის ფარგლებში უჯდება.

მას არ შეუძლია სესხს არ მოემსახუროს, იპოთეკაში აქვს ბინა, უძრავი ქონება ან რაიმე სხვა აქტივი. შესაბამისად, იძულებულია შეამციროს საკუთარი მოხმარება, ანუ ხარჯები კვებაზე, ტანსაცმელზე, სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებებზე, გართობაზე და ა.შ. რაც, ბუნებრივია, მძიმე ტვირთად აწვება მას. მეორე მხრივ კი ეს მთლიანობაში ამცირებს გადახდისუნარიან მოთხოვნას და ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე.

- რა ძირითადი პრიორიტეტები აქვს სახელმწიფოს 2018 წელს საფინანსო-ეკონომიკური კუთხით და რა გამოწვევებთან შეიძლება გვქონდეს საქმე 2018 წელს?

მმართველი გუნდის და მთავრობის პრიორიტეტები ეკონომიკური კუთხით რამდენიმე მიმართულებით შეიძლება დავაჯგუფოთ:

• სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურული განვითარების და ბიზნესის სტიმულირების მიმართულებით 2018 წელს სახელმწიფო დახარჯავს დაახლოებით 4 მლრდ. ლარს. ეს ნიშნავს არა მხოლოდ გაუმჯობესებულ ინრასტრუქტურას და ქალაქსა და რეგიონებს შორის განსხვავების აღმოფხვრას, არამედ რამდენიმე ათეულ ათას დამატებით სამუშაო ადგილს და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ხელსეწყობას.

• საპენსიო რეფორმა - ,,დაგროვებითი პენსიის“ შემოღება საქართველოში გათვალისწინებულია 2018 წლის მესამე კვარტლიდან და იგი ითვალისწინებს დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს მონაწილეობას საპენსიო შენატანის განხორციელების სქემაში. ეს არ არის მარტივი რეფორმა. მოკლედ ვიტყვი, მთავრობის პროგნოზით, დაგროვებითი პენსიის იმპლემენტაცია ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დაახლოებით 40 მლნ. ლარით შეამცირებს, საბიუჯეტო ხარჯებს კი გაზრდის დაახლოებით 150 მლნ. ლარით. თუმცა ეს აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი აქტი იქნება სოციალური პასუხისმგებლობის გადანაწილების და გრძელვადიან პერსპექტივაში, ერთის მხრივ პენსიონერთა უზრუნველყოფის, მეორეს მხრივ კი ქვეყანაში საინვესტიციო რესურსის ახალი წყაროს ფორმირების და კაპიტალის ბაზრის გააქტიურების მიმართულებით;

სრულად იხილეთ