ბიტკოინის ფასი „მკვდარ წერტილს“ უახლოვდება

ინვესტორები და ტრეიდერები, რომლებიც საფასო გრაფიკებზე ეძებენ ფასის შემდგომი მოძრაობის მიმანიშნებელ ინდიკატორებს, სულ უფრო მეტ მიზეზს პოულობენ იმისა, რომ ამტკიცონ - ყველაზე პოპულარულ ციფრულ ვალუტას ვარდნა ჯერ არ დაუმთავრებია.

ერთ-ერთი ტექნიკური ანალიზი, მოძრავი საშუალო მაჩვენებლების ურთიერთმდებარეობას ეყრდნობა. ბიტკოინის ფასის გრაფიკზე, 50-დღიანი საშუალო მჭიდროდ მიუახლოვდა 200-დღიან საშუალოს, რომელთანაც ასე ახლოს ბოლო ცხრა თვეში არ ყოფილა. მისი გადაკვეთა, რაც 2015 წლის შემდეგ არ მომხდარა, იმის მანიშნებელი იქნება, რომ ფასი ვარდნას გააგრძელებს.

ტექნიკურ ანალიზში მომენტს, როცა 50-დღიანი საშუალო 200-დღიანს კვეთს ისე, რომ მასზე დაბლა ჩადის, „მკვდარ წერტილს“ უწოდებენ. და ეს იმის მანიშნებელია, რომ ფასი კლებას აგრძელებს.

როგორც წესი, ციფრულ ვალუტებზე მომუშავე ტრეიდერები ტექნიკურ ანალიზს ნაკლებად მიჰყვებიან. მათი ყურადღება უპირატესად პროფესიონალი ინვესტრორებისკენ არის მიპყრობილი, რომლებმაც ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს ბიტკოინის ფასის მოსალოდნელ კლებაზე ლაპარაკი, როცა ის განუხრელად იზრდებოდა და სულ უფრო მეტად ტოვებდა ეგრეთ წოდებული საპნის ბუშტის შთაბეჭდილებას.

კომპანია „მარკეტ სეკურიტის დუბაის“ ფიუჩერსების და ოპციონების განყოფილების ხელმძღვანელმა და ტექნიკური ანალიზის სპეციალისტმა პოლ დეიმ, ბიტკოინის ფასის 2013 წლის მოძრაობა შეისწავლა, როცა ციფრულ ვალუტას მსგავსი აღმასვლა და შემდეგ ვარდნა ჰქონდა. მისი მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა შეიძლება იყოს ამჯერად მოსალოდნელი. ანალიზის შედეგად მან გააკეთა შემდეგი დასკვნა: ბიტკოინის ფასი მალე შესაძლოა 2 800 დოლარამდე შემცირდეს.

რაც შეეხება მოძრავ საშუალოებს. 50-იანმა საშუალომ 200-იანი შემცირების მიმართულებით 2015 წელს გადაკვეთა. აქედან მოყოლებული, ფასის მოძრაობა მკვეთრად შემცირდა და ის ვიწრო ზოლში მოძრაობდა. მომდევნო 10 თვეში ფასი დაახლოებით 5.2 პროცენტით კიდევ შემცირდა, თუმცა წლის ბოლოს მკვეთრი აღმასვლა დაიწყო - წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი 43 პროცენტით გაიზარდა, რასაც 50-დღიანი საშუალოს მიერ 200-დღიანის კიდევ ერთხელ გადაკვეთა მოჰყვა. ამჯერად, ქვევიდან ზევით და მას შემდეგ, 50-დღიანი საშუალო დაბლა აღარც ჩამოსულა. ჯერჯერობით...