"სათამაშო ბიზნესი, ყველგან ყვავის და მოსახლეობის ხარჯზე მდიდრდება"

საქსტატი ბრუნვის მიხედვით კომპანიების ტოპათეულს აქვეყნებს (2017 წლის მონაცემები). საგანგაშოა, რომ ათეულში სამი ონლაინტოტალიზატორია - შპს "მარსი" (Crystalbet), შპს "ჩემპიონები 111" (Europebet) და შპს "სუპერბეთი 2014" (Liderbet). აღსანიშნავია, რომ ამ ათეულის წლიური ბრუნვა 21,1 მლრდ ლარია.

აი, ასეთი რეალობის წინაშე ვდგავ­ართ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში, არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 400 ათასზე მეტი ონლაინმოთამაშეა, ონლაინთამაშები არასრულწლოვნებისთვის ვერა და ვერ გახდა მიუწვდომელი და ახალგაზრდები თამაშს სწირ­ავენ ქონებას ან ხშირად სუიციდით ასრულებენ სიცოცხლეს. კანონპროექტი კი, რომელიც სათამაშო­ ბიზნესში რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს, კვლავაც არ დაუმტკიცებია პარლამენტს.

ზურაბ კუკულაძე, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია: - წარმოიდგინეთ, როდესაც ამხელა ბრუნვაა ონლაინსათამაშო სექტორში, ეს ფული ხომ ეკონომიკის სხვა სფეროების განვითარებას აკლდება! გამოდის, ქვეყანა და ეკონომიკა ღირებულებებს კი არ ქმნის, ფლანგავს. აზარტულ თამაშებში, ძირითადად, ჩართულია საქართველოს მოსახლეობის ყველაზე აქტიური ნაწილი - ახალგაზრდები­ 15-დან 40 წლამდე, ისინი, ვინც უნდა შექმნან ეკონომიკა. 400 ათასი ადამიანი დროს წაგებაზე ორიენტირებულ საქმიანობაზე კარგავს და ვინ უნდა შექმნას ეკონომიკა, ვინ უნდა იმუშაოს?!

- რატომ ჭიანურდება კანონის მიღება?

- ჩვენს ქვეყანაში ტრენდული გახდა მიდგომა - ეკონომიკისთვის ყველა ბიზნესი კარგია, რაც დიდი შეცდომაა. არ შეიძლება ღირებულების შექმნაზე ორიენტირებული ბიზნესი ისეთივე­ მდგომარეობაში ჩააყენო, როგორშიც გართობასა და ხალხის გაყვლეფაზე ორიენტირებული ბიზნესია. მეტ­იც, სათამაშო ბიზნესი წახალისებულიც კია - საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს, რადგან მათი დაბეგვრის რეჟიმი მხოლოდ მოსაკრებლის გადახდას ითვალისწინებს. ხელისუფლება აზარტული თამაშების წახალისებით ხელს უწყობს უმუშევრობას. თუ ასე გაგრძელდა, ეკონომიკაში გაიზრდება მსგავსი ორგანიზაციების წილი და შემცირდება ჯანსაღი ეკონომიკის შექმნაზე ორიენტირებული კომპანიების წილი. ღირებულებათა შექმნის შესაძლებლობა ჩაკვდება და წასაგებიც აღარავის აღარაფერი ექნება!

რუსლან ალექსიძე, "ახალგაზრდა ადვოკატების" მთავარი იურისტი:

- მსოფლიოში არ არსებობს გაკოტრებული სათამაშო ბიზნესი, ყველგან ყვავის და მოსახლეობის ხარჯზე მდიდრდება. დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე მსხვილმა კაზინოებმა პირი შესაძლოა ე.წ. შავ სიაში შეიყვანონ და სათამაშოდ აღარ შეუშვან, მაგრამ ტექნოლოგიური ინოვაციების საუკუნეში იოლი გამოსავალი მოძებნეს - შემოიღეს ონლაინსათამაშო სისტემა, სადაც ე.წ. შავი სია არ მოქმედებს. ის ხელმისაწვდომია არასრულწლოვნებისთვის - 12-14 წლის ბავშვები აქტიურად არიან ჩართული. ეს დამღუპველია! ყველა ახერხებს, დაუკითხავად გამოიყენოს სხვისი პირადი მონაცემები და დარეგისტრირდეს.

როგორც ვიცი, პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობს. კარგი კანონპროექტია, თუკი დღის შუქს იხილავს.

- ხელს რა უშლის, ამდენი ხანი რატომ ჭიანურდება მისი განხილვა-ამოქმედება?

- ალბათ, პოლიტიკური ნება არ არის. ლობისტები არიან ჩართული და ცდილ­ობენ, კანონპროექტი რაც შეიძლება გვიან ამო­ქმედდეს. მოქალაქეებს აინტერესებთ, არსებობს თუ არა საშუალება, რომ თამაში ვერ შეძლონ. ყველაზე მტკივნეულია,­ როცა ადამიანი გრძნობს, რომ თამაშზეა დამოკიდებული, გვთხოვს, დამეხმარეთო, იურისტებს კი არაფერი შეგვიძლია. სამოქალაქო კოდექსში გვაქვს მე-16 მუხლი, რომელიც ეხება მხოლოდ ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებას, აზარტული თამაშების შესახებ კი შეზღუდვით ნაწილში რეგულაცია არ არსებობს. ამიტომ არის აუცილებელი კანონის სწრაფად მიღება.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 19 მარტის ნომერში ან

გახდით საიტის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია ...