ჰონ კონგის უმდიდრესი ადამიანი პენსიაში გავიდა

ჰონ კონგის უმდიდრესმა ადამიანმა, 89 წლის მილიარდერმა ლი კა-შინმა პენსიაში გასვლა გადაწყვიტა. მილიარდერი კომპანია „ჰატჩინსონ ჰოლდინგსის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს დატოვებს.

ეს კომპანიის ყოველწლიური გენერალური სხდომის დროს, 10 მაისს მოხდება. მისი წასვლის შემდეგ, პოსტს ლის უფროსი შვილი, ვიქტორ ლი დაიკავებს, რომელიც მამის შემცვლელად რამდენიმე წლის წინათ დასახელდა.

მართალია, ბოლო დროს ლიზე და მის იმპერიაზე ჰონ კონგში იშვიათად იხსენებდნენ ხოლმე, მაგრამ ფაქტია, რომ „ჰატჩინსონ ჰოლდინგსი“ აზიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კომპანიაა. ის 50-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და 323 000 თანამშრომელი ჰყავს.

ჯერ კიდევ 13 წლის მოსწავლე იყო, როცა ლის მეტსახელად „სუპერმენი“ შეარქვეს, რადგან მაშინვე ბიზნესმენის უნარით და ალღოთი გამოირჩეოდა. ლი ამბობს, რომ წარმატებას დაუღალავი შრომით და მუდმივი თვითსრულყოფის წყალობით მიაღწია. „ძალიან, ძალიან დიდხანს ვშრომობდი, ყოველთვის პირდაპირობას ვარჩევდი. ძალიან მიხარია, რომ ასეთი გამოწვევა მქონდა“, - ამბობს ლი, ვინც წასვლის შემდეგ, კომპანიაში უფროსი მრჩევლის როლში დარჩება. ვიქტორი, ვინც წლების განმავლობაში კომპანიის თანადირექტორი იყო, ამბობს, რომ მამის კურსს გააგრძელებს და რაიმეს შეცვლას არ გეგმავს.

ლი კა-შინის დამსახურებაა ის, რომ მისმა კომპანიამ უცხოური, განსაკუთრებით ევროპული კომპანიების აქციების შესყიდვებზე გააკეთა აქცენტი. ცნობილია, რომ ბრექსიტის რეფერენდუმის შემდეგ, ბრიტანული კომპანიების ფასდაკლებულ აქციებს, ყველაზე ინტენსიურად სწორედ ლის კომპანია ყიდულობდა. თავის ფლაგმან კომპანია „CK ჰატჩისონის“ მეშვეობით, ლი აკონტროლებს მსოფლიოში უდიდეს საკონტეინერო პორტის ოპერატორს, კანადურ ნავთობგიგანტ „ჰასკი ენერჯის“, ასევე „იუროპიანის“ სატელეკომუნკაციო ბიზნესს და სხვა ბევრ კომპანიას.