რა პროექტის განხორციელება იგეგმება ვაკეში, ყოფილი “ლეჩკომბინატის” ადგილას (+ფოტო)

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში, ყოფილი “ლეჩკომბინატის” ადგილას შესაძლოა მრავალპროფილური საავადმყოფო, ლანდშაფტური პარკი და მუზეუმი აშენდეს.

როგორც “სითი კვირას” არქიტექტურის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, არქიტექტურული პროექტი ჯერ არ შეთანხმებულა და მშენებლობის ნებართვაც არ გაცემულა.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ლანდშაფტურ-სარეკრეაციო დანიშნულების გამწვანებულ სივრცეს დაეთმობა, რომელიც საჯარო მოხმარებისათვის ღია იქნება. ტერიტორიის სიღრმეში განთავსდება მრავალპროფილური საავადმყოფო.

არქიტექტურის სამსახურის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ამჟამად მდებარეობს საავადმყოფოს ყოფილი შენობის დაკონსერვებული შესასვლელი ბლოკის სამსართულიანი მოცულობა. პროექტის მიხედვით, აღნიშნული ნაგებობა მოექცევა სტრუქტურაში, რომელიც ფუნქციურად დაიტვირთება როგორც კიბისა და პანდუსებისგან შედგენილი ბელვედერი და მიწისქვეშა სივრცეში შესასვლელი ვესტიბიული, სადაც მუზეუმი და საგამოფენო დარბაზები განთავსდება.

მუზეუმი დაეთმობა ყოფილი გალაკტიონ ტაბიძის მუდმივმოქმედ ექსპოზიციას, როგორც ადგილს, სადაც პოეტი სიცოცხლის ბოლო წლებში მკურნალობდა. იდეის თანახმად, ეს იქნება ამ სამკურნალო კომბინატთან ისტორიული კავშირის ერთგვარი ხაზგასმა.

ამავე სართულზე განლაგებული საგამოფენო დარბაზები, ძირითადად, დაეთმობა როგორც სამკურნალო-სახელოვნებო თერაპიის ჯგუფების მუშაობას, ასევე საჯარო საგამოფენო სივრცეს.

საპროექტო ტერიტორიაზე მოეწყობა მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც საავადმყოფოს, პარკისა და მუზეუმის ვიზიტორებს მოემსახურება.

ამავე ტერიტორიის სერვიტუტით დატვირთული მონაკვეთის მომიჯნავედ ამჟამად უფუნქციო სამეურნეო ნაგებობა მდებარეობს. მის ადგილას, პროექტის მიხედვით, განზრახულია ბავშვთა სათამაშო მოედნისა და სკვერის მოწყობა.

პროექტის თანახმად, შენობის K2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობია 11 421კვ.მ, ხოლო შენობის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 17.4მ.

წყარო: city.kvira.ge