რა ინვესტიცია დარჩა ქვეყანაში - „საქსტატი“ მარტიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაშთებს გამოაქვეყნებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამა თუ იმ ქვეყნიდან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაშთებს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „საქსტატში“ განუცხადეს.

„საქსტატის“ საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის სამმართველოს უფროსის ლიკა ძებისაურის ინფორმაციით, ნაშთების გამოქვეყნების რეკომენდაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიისგან მიიღეს.

„ორი წლის წინ, როდესაც საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ჩამოვიდა, მათგან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გამოქვეყნების შესახებ რამდენიმე რეკომენდაცია მივიღეთ. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ეს იყო. საკმაოდ რთულია მსგავსი კვლევის ჩატარება. შესაბამისად, უკვე ერთი წელია ამ საკითხზე ვმუშაობთ“, - აღნიშნავს ძებისაური.

მისი ინფორმაციით, ახალი კვლევა მარტიდან გამოქვეყნდება.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაშთებს მარტიდან გამოვაქვეყნებთ.  უფრო ზუსტად ეს იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პოზიციის, ანუ ნაშთების მონაცემების წარმოება ინტეგრირებული ფორმატით. აქამდე რასაც ვავრცელებდით, ეს არის კონკრეტულ კვარტლებში ქვეყანაში შემოსული პირდაპირი ინვესტიციები. ახლა კი გამოქვეყნდება, მაგალითად, კონკრეტული თარიღისთვის, ანუ 2017 წლის 31 დეკემბრისთვის ამა თუ იმ ქვეყნიდან რა მოცულობის ინვესტიციაა განხორციელებული, იქიდან რა დარჩა ქვეყანაში, ანუ ინვესტიციების ნაშთი“, - აცხადებს ძებისაური.

მისივე განმარტებით, ნაშთების გარდა, იქნება ის ცვლილებები, რაც კვარტლების მიხედვით მოხდა: „გარდა ამისა, იქნება ღირებულებითი ცვლილება, საკურსო ცვლილება და პერიოდის ბოლოს ნაშთი, რაც დაგვრჩა. ანალიტიკური მიზნებისთვის საკმაოდ საინტერესოა, ამა თუ იმ ქვეყნიდან შემოსული ინვესტიციებიდან ჩვენთან რა დარჩა“.

თეონა კენჭიაშვილი