საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი მანქანების შესაძენად 10 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია 19 ერთეული ავტომანქანის შეძენა, რომელიც საქართველოში უკვე აგვისტოში უნდა ჩამოვიდეს. როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ბაზრის კვლევა უკვე დასრულებულია და ტენდერი ავტომანქანების შეძენაზე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
„პირველ ეტაპზე დაგეგმილი გვაქვს, ქვეყნის მასშტაბით ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი მანქანების შეძენა და ასევე პერსონალის გადამზადება. ასევე დაგეგმილია, ზოგადად სამაშველო დანაყოფების, იგივე წყალზე და სამთო მაშველების გადაიარაღება ახალი, თანამედროვე აღჭურვილობით. მანქანები, რომლის შეძენასაც ვგეგმავთ, არის სპეციალური, რომელიც ევროპის ქვეყნებში, ტყის ხანძრებისთვის გამოიყენება. საუბარია ამ ეტაპზე 19 ერთეულ ავტომანქანაზე, რომელიც განთავსდება სხვადასხვა ადგილებში, სადაც არის ტყის ხანძრების რისკი. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ტექნიკის შეძენა საკმაოდ ძვირი ჯდება“, - განაცხადა ხუციშვიმა.
რაც შეეხება შესაძენი ავტომანქანების ტექნიკურ მახასიათებლებს, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ამბობს, მოთხოვნილ მახასიათებლებში გათვალისწინებულია ევროპული გამოცდილება და ასევე ქართული გამოცდილებაც, რომელიც ქვეყანამ ბოლო პერიოდში მიიღო.
„ამ მანქანებს უნდა გააჩნდეს 3-დან 4 ტონამდე ტევადობის წყლის ავზი, უნდა შეეძლოს წყლის გამოყენება სიარულის დროსაც, ასევე საუბარია სხვადასხვა დამატებით შესაძლებლობებზე, მაგალითად, საბურავების ავტონომიური დაბერვის სისტემა და ა.შ. ტექნიკური მოთხოვნები ავიღეთ ევროპული და ჩვენი გამოცდილებიდან, რაც გვქონდა ტყის ხანძრებზე. ამ 19 ავტომანქანის შეძენას ვფიქრობთ წელსვე და აგვისტოში წესით უნდა გვყავდეს ავტოპარკში“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
რაც შეეხება არსებულ რესურსებს, ხუციშვილის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი 330-მდე ავტომანქანისა და სპეცტექნიკის 2/3 მოძველებულია.
„ბორჯომის ხანძრების მერე, შსს-მ გააკეთა ანალიზი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კუთხით. უნდა ითქვას, რომ რესურსები, რაც ახლა გვაქვს, ავტომატურად მივიღეთ შსს-დან. ზოგადი შეფასება რომ გამოვიყენო, ავტოპარკის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არაა. დაახლოებით 330-მდე სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილი და სპეცტექნიკაა ჩვენს განკარგულებაში. ამის 2/3 არის მოძველებული ტექნიკა. ჯერ კიდევ ვიყენებთ ამ ტექნიკას, თუმცა ისინი საჭიროებს განახლებას“, - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.