2018 წლის 1-ლი აპრილიდან დღის ან ღამის საათებში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისა და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აღარ გადაეცემა.
ამის შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის ცვლილებები.
ცვლილებების თანახმად, 2019 წლის 1-ელ აპრილამდე აღნიშნული პასუხისმგებლობის დაკისრების ვალდებულება კვლავ შს სამინისტროს ექნება. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა კანონით განსაზღვრულ ვადაში - 2018 წლის 1-ელ აპრილამდე ვერ მოასწრეს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რათა ეს ფუნქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გადმოებარებინათ.
ცვლილებათა პაკეტს, თან ახლავს 2017 წლის სტატისტიკაც, თუ რამდენი სამართალდარღვევა დაფიქსირდა და რამდენ შემთხვევაში დააჯარიმა შს სამინისტრომ პირები პიროტექნიკის გამოყენებისა თუ ხმაურის გადამეტებისთვის.
სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ბოლო 5 თვეში ხმაურის გადამეტებისა თუ პიროტექნიკის გამოყენების 177 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, ხმაურის გადამეტებისთვის დაჯარიმების 44 შემთხვევა; პიროტექნიკის ღამის საათებში გამოყენებისთვის კი დაჯარიმების 1 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთან, ყველაზე მეტი დარღვევა დედაქალაქში მოხდა. კერძოდ, შს სამინისტროს მონაცემებით, დედაქალაქში ხმაურის გადამეტების ჯამში, 144 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, 112 შემთხვევაში პირთა მიმართ გაფრთხილება; ხოლო 33 შემთხვევაში ფულადი სანქცია იქნა გამოყენებული.
ასევე პიროტექნიკის გამოყენების 1 შემთხვევაც სწორედ დედაქალაქში დაფიქსირდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ფიზიკური პირის 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 500 ლარით დაჯარიმებას იწვევს.