საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, თურქეთიდან კარტოფილის იმპორტის რამდენიმე თვით აკრძალვა დროებითია და სანიტარული ღონისძიებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მან ზუგდიდში, აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„პირველ რიგში, არის სანიტარული ღონისძიება, რომელიც მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციასთან და საქართველოს კანონმდებლობასთან არის შესაბამისი. ეს უკავშირდება თესვის სეზონს. ქვეყანაში არ უნდა შემოდიოდეს მნიშვნელოვანი დაავადებები, რომლებიც შეიძლება იყოს დამაზიანებელი. ეს არის დროებითი ზომა ფერმერების დასაცავად. საკმარისი კარტოფილი მივიღეთ შარშან და წელს, საქართველოში წარმოება იზრდება. არ შეგვიზღუდავს იმპორტი, ბაზარი თავისუფალია, რაც დაარეგულირებს ბაზარს და მოსახლეობას არ ექნება შეშფოთების საფუძველი. ეს არ არის პროტექციისთვის გადადგმული დროებითი შეზღუდვა, ეს არის მცენარეთა დაცვა“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 თვის განმავლობაში თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა. როგორც bpn.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ამის მიზეზი კარტოფილის კიბოს გავრცელების საშიშროებაა. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა.
დოკუმენტის მიხედვით, იმპორტის აკრძალვის მიზანი კარტოფილის კიბოს თავისუფალ ტერიტორიებზე გავრცელების თავიდან აცილებაა. მსგავსი დროებითი ღონისძიების ამოქმედებას ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის მე-17 მუხლი ითვალისწინებს. „ეს არის დროებითი, 3-თვიანი ღონისძიება. მიზეზი კი არის ის, რომ კარტოფილის კიბო არ გავრცელდეს საქართველოში“, - განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.