2017 წელს სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება წინა წელთან შედარებით 7,8%-ით, 1,48 მლნ ლარით გაიზარდა.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2017 წელს სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგებამ 20,34, მლნ ლარი შეადგინა, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 18,86 მილიონი ლარი იყო.
მიუხედავად მოგების ასეთი მცირე ზრდისა, 2017 წელს წინა წელთან შედარებით გაზრდილია მოზიდული პრემიის ოდენობა. სადაზღვევო სექტორმა 2017 წელს 441,40 მლნ ლარი მოიზიდა, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 393,04 მლნ ლარი იყო.
ამასთან, გაზრდილია სადაზღვევო სექტორის აქტივების მოცულობაც, 2017 წელს მან 580,22 მლნ ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი აქტივების მოცულობა 542,30 მლნ ლარი იყო.
სადაზღვევო სექტორში გაიზარდა კაპიტალის მოცულობაც და 154,25 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს ასევე აღემატება. 2016 წელს კაპიტალის მოცულობა სექტორში 136,27 მლნ ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება კონკრეტულად სადაზღვევო კომპანიებს, მოზიდული სადაზღვევო პრემიების მოცულობით სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ლიდერობს. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს კომპანიამ 102,74 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა; მეორე ადგილზეა „ალდაგი“ – 90,25 მლნ ლარი; მესამე - „იმედი ელი“ – 51,71 მლნ ლარი, მეოთხე - 34,49 მლნ ლარი, ხუთეულს ასრულებს 34,49 მლნ ლარის მოგებით სადაზღვევო კომპანია „არდი“ .
2017 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.