ვინ რა ფასად იცავს სახელმწიფო მოხელეებს

გასული წლის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) უფროსის ხუთ მოადგილეზე პრემიის სახით 133 722 ლარი გაიცა, ხოლო 13 365 თანამშრომელზე - 5 759 315,5 ლარი.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2013 წელს სდსს-ს მაშინდელ უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს პრემია არ დარიცხვია, მაგრამ მიიღო სახელფასო დანამატი 43 902 ლარის ოდენობით. ყოფილ მოადგილეებს შორის ყველაზე მეტი პრემია - ჯამში, 34 653 ლარი დავით ბესტავაშვილს აქვს მიღებული, ხოლო ყველაზე ნაკლები რაოდებით (4000 ლარი) - გიორგი ბარიშვილს. 33 138 ლარი აქვს მიღებული ნუგზარ ოთარაშვილს; 31 903 ლარი - გიორგი ფანცხავას და 30 028 ლარი - კახაბერ ჯაფარიძეს.

IDFI-ისთვის გაგზავნილ დოკუმენტაციაში სდსს იუწყება, რომ სამსახურის მოქმედი საშტატო ნუსხა კონფიდენციალური ინფორმაციაა, თუმცა, როგორც ირკვევა, იმ პირთა რაოდენობა, რომლებმაც გასულ წელს მიიღეს პრემიის სახით 5 759 315,5 ლარი, 13 365-ია.

ამავე დოკუმენტების მიხედვით, სდსს-მ გასულ წელს ბიუჯეტიდან მიიღო 45 741 006.08 ლარის დაფინანსება, საიდანაც 32 048 682.09 ლარი ხელფასებსა და პრემიებზე დაიხარჯა; მივლინებებისთვის დახარჯულია 1 569 808,48 ლარი. აქედან სდსს-ს მაშინდელმა უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ გერმანიაში, ისრაელში, ლიტვაში, პოლონეთში, ესტონეთში ვიზიტებისთვის 4468,45 ლარი დახარჯა.