მთავრობა თანამდებობრივი სარგოებისა და პრემიების ერთიან წესს შეიმუშავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მთავრობა თანამდებობრივი სარგოებისა და პრემიების ერთიან წესს შეიმუშავებს.

როგორც დღეს გამართულ ბრფინგზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო კობახიძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება პრემიერმა მთავრობის წევრთა, თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა ხელფასებისა და პრემიების საკითხისადმი ფართო საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მიიღო.

ამასთან, ნინო კობახიძემ ჟურნალისტებს გააცნო პრემიერ-მინისტრის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით.

"ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც მოაწესრიგებს საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების ხელფასების, დანამატების თუ პრემიების საკითხს. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე სისტემა, რომ ჩვენი ქვეყნის არც ერთ მოქალაქეს არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვა. სისტემა უნდა იყოს სტანდარტიზებული, თუმცა ითვლისწინებდეს განსაკუთრებით მძიმე და დიდ რისკთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციფიურობას. ვიცი, რომ ამ საკითხზე უკვე დაწყებულია მუშაობა და პირველი ეტაპი უკვე წარმატებით გავლილია. ამიტომ, ეს პროცესი უმოკლეს ვადებში უნდა დავასრულოთ", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარში.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა, მისმა მოადგილემ ნინო კობახიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ, ხელფასებისა და თანამდებობრივი სარგოების მოქნილი, სამართლიანი განაწილების პრინციპზე დაფუძნებული და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი სტრუქტურა არაუგვიანეს 31 ივნისისა უნდა წარადგინონ.