საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა თებერვალში 86 ლარი შეადგინა

საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა თებერვლის თვეში 86 ლარი შეადგინა. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული.

2018 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით თებერვალში ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში დაფიქსირდა.

რაც შეეხება 3 ვარსკვლავიან სასტუმროებს, თებერვალში საშუალო ფასმა 136 ლარი შეადგინა. სამ ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი დღიური განაკვეთი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაფიქსირდა (საშუალოზე 56%-ით მაღალი).

როგორც PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა თებერვალში 198 ლარი შეადგინა. იანვრის მსგავსად, საშუალოდ ყველაზე ძვირი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია (საშუალოზე 52%-ით მაღალი).

ამავე კვლევის თანახმად, 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო დღიურმა განაკვეთმა 2018 წლის თებერვლის თვეში 363 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2 ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 591 ლარი შეადგინა, კახეთში - 297 ლარი, აჭარაში - 207 ლარი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 358 ლარი.