საქართველოში დაზღვეული ავტომანქანების რაოდენობა 35,8%-ით გაიზარდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მანქანის დაზღვევის კულტურა მაინც დაბალია.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 5,5%-ია დაზღვეული.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს ქვეყანაში სულ დაზღვეულია 70 042 ავტომანქანა, რაც 18 491 ერთეულით, ანუ დაახლოებით 35,8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წელს ქვეყანაში სულ 51 551 ავტომობილი იყო დაზღვეული.
ამასთან, სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს ავტოდაზღვევის პორტფელი 74.44 მლნ ლარს შეადგენს. მოზიდული პრემიით „ალდაგი“ ლიდერობს - 37%-იანი წილით. მეორე პოზიციაზე არის „ჯიპიაი“ - 21%, ხუთეულში შედიან - „თიბისი დაზღვევა“ - 20%, „ირაო“ - 5% და „არდი“ - 4%.