ტრამპი ჩინურ პროდუქციაზე წლიურად 60 მლრდ დოლარის გადასახადს დააწესებს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ემზადება ჩინურ პროდუქციაზე გადასახადის დაწესებისთვის, რაც წლიურ 60 მლრდ დოლარს მიაღწევს. როგორც გამოცემა The Washington Post საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ტრამპი გადაწყვეტილებას პარასკევამდე მიიღებს.

როგორც ცნობილია, ამერიკის ხელსუფლებამ ჩინეთი არაერთხელ დაადანაშაულა ინტელექტუალური საკუთრების ქურდობაში და მაშინ ტრამპმა პირობა დადო, რომ ამისთვის პეკინს დასჯიდა.

გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტის მრჩეველებმა მას წარუდგინეს პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა ჩინურ პროდუქციაზე გადასახადის დაწესებას წლიური 30 მლრდ დოლარის ოდენობით, თუმცა ტრამპმა მისი გაორმაგება მოითხოვა.

გადასახადი სავარაუდოდ, დაწესდება 100-მდე დასახელების პროდუქციაზე, რომლებიც დონალდ ტრამპის აზრით, შემუშავდა ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით ან მოპარულ იქნა ჩინელების მიერ ამერიკული კომპანიებიდან, ან ჩინეთმა მიიღო ამერიკული კომპანიებისათვის ჩინურ ბაზარზე წვდომის სანაცვლოდ.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, გამოიწვიოს საპასუხო ზომები ჩინეთის მხრიდან, რამაც თავის მხრივ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებს.

კოკა კვირკველია