"სითი პარკი" თბილისის მერიისგან სასამართლო დავების დასრულებამდე ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს

კომპანია "სითი პარკი" თბილისის მერიისგან სასამართლო დავების დასრულებამდე ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს, - შესაბამისი მოთხოვნით "სითი პარკის" ადვოკატებმა მერიაში განცხადება შეიტანეს.

როგორც იურისტმა ნათია წკეპლაძემ განცხადების შეტანის შემდეგ განაცხადა, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უნდა იქნას ხელშეკრულების გაწყვეტაზე საუბარი.

"დღეს შევიტანეთ განცხადება მერიაში და მერს ვთავაზობთ, გადაავადოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაწყვეტის თარიღი სასამართლო დავების დასრულებამდე. ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს ყველა განკარგულება თითქოსდა ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო. მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება მსჯელობა ხელშეკრულების გაწყვეტაზე", - განაცხადა წკეპლაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია კომპანია "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწვეტას 10 აპრილიდან გეგმავს.