ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა ნიუ-იორკში მდებარე ისტორიული კომპლექსი „ჩელსის ბაზარი“ 2,4 მლრდ დოლარად შეიძინა.
როგორც ამერიკული მედია წერს, კომპანიამ Chelsea Market-ი საინვესტიციო კომპანია Jamestown-ისგან შეიძინა. როგორც ცნობილია, Google-ს სათავო ოფისი ნიუ-იორკში მანჰეტენზე სწორედ „ჩელსის ბაზრის“ მოპირდაპირედ მდებარეობს, რომელიც 2010 წელს ასევე Jamestown-ისგან 1,77 მლრდ დოლარად შეიძინა და იქ ამჟამად 7 ათასამდე ადამიანი მუშაობს.
ახალი შენაძენის შედეგად კი Google-ის მფლობელობაში გადავიდა 110,4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი ნიუ-იორკის ყველაზე სწრაფად განვითარებად რაიონში.
აღნიშნული შენობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ნახევარში აშენდა და იქ National Biscuit Company-ის ფაბრიკა არსებობდა, რომელიც უკვე 90-იანი წლებიდან სავაჭრო კომპლექსისა და სატელევიზიო მაუწყებლობის ფორმით ფუნქციონირებდა. 1995 წელს ინვესტორმა ჯეიმს კოენმა კომპლექსის აღდგენა გადაწყვიტა და მისი პროექტი Vandeberg Architects გახდა მისაბაძ მაგალითად. Jamestown-მა კი ამ კომპანიის 75% 2003 წელს იყიდა და შეიქმნა Chelsea Market, სადაც განთავსდნენ სავაჭრო და კვების ობიექტები, რომელსაც ყოველთვიურად 500 ათასამდე ადამიანი სტუმრობს. ფართის მოიჯარეებს შორის არიან ტელეკომპანია Food Network და ბეისბოლის მთავარი ლიგა MLB.
Google ჯერ არ გეგმავს კომპლექსის სტრუქტურის შეცვლას, თუმცა ექსპერტების განცხადებით, კომპანიას შეუძლია ქალაქის ზონირების გეგმის გათვალისწინებით შენობას 8 სართული დაამატოს. მხარეების შეთანხმების მიხედვით კი კომპანია Jamestown განაგრძობს სავაჭრო ფართისა და „ფუდკორტის“ მმართველობას.
კოკა კვირკველია