2018 წელს თბილისის ბაგა-ბაღების სურსათით მომმარაგებელი კომპანია შპს "ნილი" სამჯერ დაჯარიმდა.
კერძოდ, ორჯერ ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, ერთხელ კრიტიკული შეუსაბამობისთვის - ამის შესახებ Allnews.ge-მ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა.
სააგენტოს ინფორმაციით, შპს "ნილი" ერთხელ 400, მეორე შემთხვევაში 1 200, ხოლო მესამედ ჭერიდან და დაკიდული კონსტრუქციებიდან, რომლის ქვეშ პურის წარმოება და განთავსება მიმდინარეობს, ნაწილაკების ცვენის გამო 1 000 ლარით დაჯარიმდა.
რაც შეეხება 2017 წელს, არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო დედაქალაქში ორი - თბილისის 64-ე და 128-ე ბაგა-ბაღები დაჯარიმდა. ორივე შემთხვევაში დარღვევები სურსათის რეალიზაციის წესის დარღვევას ეხებოდა, რომლის გამოც 64-ე ბაგა-ბაღს ჯარიმის სახით - 200, ხოლო 128-ე ბაგა-ბაღს 500 ლარის გადახდა დაეკისრა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წელს სახელმწიფო კონტროლი თბილისის 157 ბაგა-ბაღში, ხოლო 2017 წელს 300 საჯარო ბაღში განხორციელდა.
წყარო: allnews.ge