ბრიტანული ეკლესია შემოწირულობას უნაღდო ანგარიშსწორებითაც მიიღებს

ინგლისის ეკლესია შემოწირულობების მიღებას ტერმინალების მეშვეობითაც შეძლებს. სპეციალური აპარატები ქვეყნის 16 ათას ეკლესიაში განთავსდება.

როგორც ცნობილია, აღნიშნული სისტემის ტესტირება გასული წლის ზაფხულში 40 ტაძარში მოხდა და მან კარგი შედეგი აჩვენა. ეკლესიის პარტნიორები გახდებიან სტარტაპ კომპანიები SumUp და iZettle.

„გადახდის მეთოდები სწრაფად იცვლება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებიც სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს ნაღდი ფულის ტარებაზე. ჩვენ კი გვინდა ყველა თაობამ შეძლოს ტაძრის მომსახურების მიღება“,- განაცხადა ინგლისის ეკლესიის მართვაში პასუხისმგებელმა პირმა ჯონ პრესტონმა.

ახალი პროგრამა გაზრდის შემოწირულობების ოდენობას ქორწილებსა და ნათლობებზე, განსაკუთრებით იმ ბრიტანელების მხრიდან, რომლებიც ხშირად არ დადიან ეკლესიაში და იქ ნაღდი ფულის გარეშე დადიან - წერს Financial Times. ახლა კი მათ შეეძლებათ შემოწირულობის გაკეთება საბანკო საკრედიტო ბარათების მეშვეობით ან მობილური ტელეფონიდან სხვადასხვა პროგრამების საშუალებით - დასძენს გამოცემა.

ცნობისათვის, ინგლისის ეკლესიის გარდა უკონტაქტო შემოწირულობებს დიდ ბრიტანეთში ასევე იღებს კათოლიკური ეკლესიაც. ინგლისის ეკლესია კი ყოველწლიურად შემოწირულობის სახით 580 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს.

ოფიციალური ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში უკონტაქტო გადახდები ბოლო სამი წლის განმავლობაში ოცჯერ არის გაზრდილი, ხოლო ფინანსთა სამინისტროს პორგნოზით 2026 წლისთვის ქვეყანაში ნაღდი ფულით ანგარიშსწორებაზე მხოლოდ 21% მოვა, მაშინ როცა 2016-ში ის 40%, ხოლო 2006 წელს 62% იყო.

კოკა კვირკველია