წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა მიმდინარე ფასებში 38 042,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11,8 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2017 წელს წინა წელთან შედარებით 5%-ით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6,5 პროცენტით განისაზღვრა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით ვაჭრობა (17,6 პროცენტი) და მრეწველობა (16,4 პროცენტი) გამოირჩევა. შემდგომ პოზიციებს კი - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,2 პროცენტი), მშენებლობა (9,3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8,5 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,9 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,0 პროცენტი) იკავებს.
„ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა (11,2 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (11,2 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,2 პროცენტი), ტრანსპორტი (7,2 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7,1 პროცენტი), ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (6,6 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (5,0 პროცენტი). ხოლო კლება სოფლის მეურნეობისა (-2,7 პროცენტი) და შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავების (-2,7 პროცენტი) სექტორებში აღინიშნა,“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.