ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი ძალაში შემოდგომიდან შევა

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ბორის იაროშევიჩმა განაცხადა, ჩვენ ვუახლოვდებით დღეს, როდესაც საქართველო და ევროკავშირი ხელს მოაწერენ ასოცირების ხელშეკრულებას.

"ეს ნიშნავს, რომ ვაჭრობის ნაწილი სავარაუდოდ, ძალაში შევა უკვე 1 ოქტომბრიდან, ან 1 ნოემბრიდან და საქართველო უნდა იყოს მზად ამისთვის. რა თქმა უნდა, შედეგი და გავლენა დაუყოვნებელი არ იქნება, მაგრამ მე უკვე ვხედავ დიდ ინტერესს პოტენციური ინვესტორების, რომ მიიღონ სარგებელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებიდან", - განაცხადა ბორის იაროშევიჩმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მიხეილ ჯანელიძის განმარტებით კი, ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილი პირობითად მას შემდეგ შევა ძალაში, რაც საქართველოს პარლამენტი მის რატიფიკაციას მოახდენს და ასევე ევროკომისია ევროპარლამენტის თანხმობით შეიყვანს მას ძალაში. როგორც ჯანელიძემ განაცხადა, ეს დაახლოებით შემოდგომისთვის იგეგმება.