ბელორუსის რესპუბლიკასთან სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. წლიდან წლამდე ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს და მოვხსნათ ყველა ის შესაძლო ბარიერი, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს , - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელორუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსისთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც ეკონომიკის სამინისტროდან იუწყებიან, დიმიტრი ქუმსიშვილისა და მიხაილ რუსის შეხვედრა, რომელშიც ორი ქვეყნის სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ, ბელორუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, სატრანსპორტო კორიდორის განვითარებაა, რომელიც შეძლებს, უზრუნველყოს შესაბამისი კონკურენტული ფასები და მოგვცეს შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი სავაჭრო ბრუნვა, რაც შეიძლება მეტად გავზარდოთ“, - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა.