ბელორუსის დედაქალაქ მინსკში სპეციალური მაღაზია გაიხსნება, სადაც მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება.
ამის შესახებ ცნობილი გახდა პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბელორუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსის შეხვედრისას.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, მსგავსი ფორმატის სავაჭრო ცენტრები საქართველოში უკვე მოქმედებს, სადაც მხოლოდ ბელორუსში წარმოებული პროდუქცია იყიდება.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, ბელორუსული მხარის ინფორმაციით, მინსკში 1200 კვ.მ. ფართობზე განთავსდება სავაჭრო ცენტრი, სადაც ქართული ღვინო, მინერალური წყლები, აგროსამრეწველო და სხვა სასურსათო პროდუქცია გაიყიდება.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ბელორუსში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას.
პირველ ვიცე-პრემიერსა და ბელორუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს შორის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
“შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოსა და ბელორუსის უმაღლესი ხელისუფლებების განსაკუთრებულ წვლილს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ინოვაციების, კომუნიკაციებისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.