ცნობილი ფაქტია, რომ ქალების ანაზღაურება მამაკაცების ანაზღაურებას ყველგან ჩამორჩება, მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ ისინი, ან როგორია ამ ქვეყნის განვითარების დონე თუ ეკონომიკური მდგომარეობა...
გამონაკლისს ამ მხრივ საქართველოც არ წარმოადგენს. ჩვენ დავინტერესდით, რატომ ღირს ქალის შრომა მამაკაცის შრომაზე ნაკლები და ეს შეკითხვა ეკონომისტებს დავუსვით.
ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა - ქეთევან კრიალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ბოლო წლებში ქალთა დასაქმების მაჩვენებელი იზრდება, თუმცა მათი ხელფასი კვლავინდებურად დაბალია:
ქეთევან კრიალაშვილი: „ამის დასტურად „საქსტატის“ მონაცემებს მოვიშველიებ: დაქირავებით დასაქმებული მამაკაცების საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში 1 387,4 ლარია, ხოლო ქალებისა - 859,5 ლარი. ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროებია საფინანსო საქმე, სახელმწიფო სექტორი და სამშენებლო სექტორი. საფინანსო სექტორში მამაკაცის ხელფასი 2521,8 ლარია, ქალისა კი - 1322,8 ლარი. ყველამ იცის, რომ სახელმწიფო სექტორის წილი საშუალო ხელფასის ჩამოყალიბებაში საკმაოდ მაღალია. ამ სექტორში დასაქმებული მამაკაცების საშუალო ხელფასიც უსწრებს ქალების ხელფასს - ის 1 101,0 ლარია, ხოლო ქალებისა - საშუალოდ, 1 281,6 ლარი“.
ქეთევან კრიალაშვილის აზრით, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვერც კი წამოუდგენიათ, ან ეეჭვებათ, რომ ქალი შეიძლება უკეთესი ხელმძღვანელი იყოს, ვიდრე მამაკაცი.
„ეს იმითაც აიხსნება, რომ ქალის და მამაკაცის ცხოვრების სტილი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება: კაცებს ქალებზე უფრო მეტი დრო აქვთ, რომ იმუშაონ, პირველ რიგში ეს ეხება დაოჯახებულ ქალებს, რომლებიც თავისუფალ დროს იშვიათად უთმობენ სამსახურს, ამიტომ, დამსაქმებელთა დიდი ნაწილი ხელმძღვანელ პოსტებზე უპირატესობას ყოველთვის მამაკაცს ანიჭებს, რადგან ის უფრო თავისუფალია. ავიღოთ თუნდაც სტანდარტული დილა: ქალს ოჯახში უფრო მეტი საქმე აქვს, ვიდრე მამაკაცს. ქალი ვერ ახერხებს მთელი დრო და ენერგია სამსახურს მოახმაროს მაშინ, როცა მამაკაცს შეუძლია თავისუფალი დროც სამუშაოს დაუთმოს. კარგია, რომ თანამედროვე მამაკაცები სულ უფრო მეტად ეხმარებიან მეუღლეებს საოჯახო საქმეში, ბავშვის აღზრდაში და ცდილობენ ტვირთი შეუმსუბუქონ, მაგრამ ასეთი მამაკაცების რიცხვი ბევრი არაა. სწორედ ამიტომ, ქალები ხშირად შემსრულებლები არიან და მათი ანაზღაურებაც ნაკლებია. მართალია, ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალებიც არიან, მაგრამ უფრო ხშირად მოადგილის, ან მენეჯერის პოზიცია უჭირავთ, კომპანიის მმართველი და გენერალური დირექტორი ქალი კი, იშვიათობას წარმოადგენს“ - განაცხადა ქეთევან კრიალაშვილმა.
ამ მოვლენის ასახსნელად ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე რამდენიმე ფაქტორს ასახელებს:
„ფაქტია, რომ მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ქალების საშუალო ხელფასი მამაკაცების ხელფასზე მაღალი იყოს. ეს სისტემური პრობლემაა და ნაკლებად უკავშირდება ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, თუმცა ერთი კანონზომიერება მაინც შეინიშნება: რაც უფრო დაბალგანვითარებულია ქვეყანა, განსხვავება ქალისა და მამაკაცის ხელფასს შორის უფრო დიდია. ეს მარტო ფსიქოლოგიური პრობლემა არ არის, ეს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემაა. ამის მიზეზი მრავალია: ჯერ ერთი ის, რომ მაღალანაზღაურებად სამუშაოებს ძირითადად მამაკაცები ასრულებენ, ამიტომ, მათი საშუალო ხელფასი უფრო მეტი გამოდის. თანაც, მამაკაცის ფიზიკური შესაძლებლობები უფრო მეტია და მძიმე სამუშაოს შესრულებაც ისტორიულად მისი ფუნქცია იყო და არის. ამის კარგი მაგალითია საქართველოს ეკონომიკის ისეთი დარგები, როგორიცაა მშენებლობა და განათლება: მშენებლობაში დასაქმებულთა 4/5-ზე მეტი მამაკაცია, ხოლო განათლების სფეროში ძირითადად ქალები მუშაობენ, მაგრამ მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასები თითქმის, 1,5-ჯერ აღემატება საშუალო მაჩვენებელს, ხოლო განათლების სფეროში - პირიქით, 37%-ით ნაკლებია. ეს დიდ გავლენას ახდენს საბოლოო მაჩვენებლების ფორმირებაზე, რის გამოც ქალის საშუალო ხელფასი საქართველოში მამაკაცის ხელფასს მნიშვნელოვნად ჩამორჩება“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.
ექსპერტის თქმით, საკმაოდ რთული საკითხია, როგორ ახერხებენ ქალები კარიერულ ზრდას, აქვთ თუ არა მათ საშუალება, საშუალო, ან უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ თავიანთი ცოდნისა და კვალიფიკაციის სრულყოფაზე იზრუნონ:
„ახალგაზრდა ქალები უფრო მეტს ფიქრობენ ბავშვის და ოჯახის მოვლაზე და სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ ცოდნის მისაღებად. სწორედ ამით აიხსნება, რომ დღეის მდგომარეობით, სტუდენტებს შორის გოგონები ვაჟებს სჭარბობენ, მაგრამ შემდგომ ეტაპზე განსხვავება მამაკაცების სასარგებლოდ იცვლება. გადახედეთ თუნდაც მთავრობის, ან პარლამენტის შემადგენლობას და მიხვდებით, რა დიდი განსხვავებაა საქმიანი ქალების და მამაკაცების რაოდენობაში. სწორედ ამიტომ, უკვე მსჯელობენ კვოტებზე და ქალთა მინიმალური რაოდენობის განსაზღვრაზე, რომელზე ნაკლებიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არ უნდა იყოს. კარგია, თუ განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, სადაც სულ უფრო მეტად ზრუნავენ, რომ ახალგაზრდა ქალებს კარიერული წინსვლის მეტი შანსი მისცენ. შვედეთში, მაგალითად, აუცილებელია დეკრეტული შვებულების 40 პროცენტი მამას მისცენ და ამ ხნის განმავლობაში ბავშვის აღზრდა სწორედ მამებს დააკისრონ. ამგვარი ღონისძიებებით ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანდათან მატულობს“, - განაცხადა არჩვაძემ.
ხათუნა ჩიგოგიძე