„ბოინგ 737 მაქს 7-მა“ პირველი ფრენა შეასრულა

„ბოინგის“ ახალმა თვითმფრინვმა, „737 მაქს 7-მა“ შტატ უოშინგტონის“ რენტონ ფილდის“ ასაფრენი ზოლიდან, პირველი სატესტო ფრენა შეასრულა. საჰაერო ხომალდს პილოტები, ჯიმ ვები და კეიტ ოცუკა მართავდნენ.

სამგზავრო თვითმფრინავმა ჰაერში სამი საათი და ხუთი წუთი გაატარა, რა დროსაც შემოწმდა მისი მართვის და კავშირის სისტემები, შესრულდა მანევრები. თვითმფრინავი სიეტლთან, „ბოინგის“ ასაფრენ ზოლზე დაეშვა.

ეს არის სერია „737 მაქსის“ მესამე ლაინერი, რომელიც „მაქს 8-ს“ (რომელმაც ფრენების შესრულება 2017 წელს დაიწყო) ბაზაზე დამზადდა და არის ამ ოჯახის ყველაზე გრძელი ვერსია. როგორც „ბოინგი“ აცხადებს, ახალი თვითმფრინავი იმ აეროპორტებისთვის არის შექმნილი, რომლებიც ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე მდებარეობს და სადაც ცხელი კლიმატია. ის „ბოინგ 737-700-ს“ ჩაანცვლებს და კონკურენციას „ეარბას A319 ნეოს“ გაუწევს.

„737 მაქს 7-ს“ თავის საბაზო „მაქს 8-ზე“ სავარძლების ორით მეტი რიგი აქვს და 172 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ლაინერი კომპანია „CFM ინტერნეიშენელის“ ორი „LEAP-1B“ ძრავით არის აღჭურვილი. მათი დახმარებით, ფრენის სიშორე 3 850 სანაოსნო მილს (4 390 მილს, 7 130 კილომეტრს) აღწევს, რაც ყველაზე დიდი მანძილია „მაქს“ ოჯახის თვითმფრინავებისთვის.

გარდა ამისა, ის „737-700-ზე“ დაახლოებით 18 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. თვითმფრინავს აქვს მოდიფიცირებული შასი და მოწინავე ტექნოლოგიით დამზადებული ფრთის ბოლოები (ვინგლეტები), რაც მის აეროდინამიკურ მახასიათებლებს აუმჯობესებს და საწვავის ხარჯს ამცირებს. გარდა ამისა, ფიუზელაჟის კონსტრუქცია უფრო მტკიცეა, ინტერიერი კი „ბოინგ სკაის“ სტილში შესრულდა.

„ბოინგი“ აცხადებს, რომ „737 მაქს 7-ს“ ტესტების ინტენსიური პროგრამა ჩაუტარდება, რასაც სერტიფიკატის მიღება მოჰყვება. შემკვეთი კომპანიებისთვის თვითმფრინავების მიწოდება მომავალ წელს დაიწყება.