თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე დღეს, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე მოკლეს.
როგორც შემთხვევის ადგილზე მეზობლები ამბობენ, ბიზნესმენს თავდამსხმელი „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლად გაეცნო, კარის გაღების შემდეგ კი 7 ტყვია ესროლა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენს 30 წლამდე მამაკაცმა ესროლა.
ნუგზარ კახიძე ვარკეთილის ბაზრობის მეწილე იყო. კერძოდ, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ის შპს „ვარკეთილი-96“-ის 15%-იან წილს ფლობდა.
ვარკეთილის ბაზრობის გარდა, ნუგზარ კახიძე სხვა კომპანიებშიც ფლობდა წილებს. კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბიზნესმენი შპს „ლასთინგის“ 90%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი იყო. ასევე იყო შპს“ ბიფორის“ დირექტორი და საწარმოს 90%-იანი წილიც მის საკუთრებაში იყო. გარდა ამისა, ნუგზარ კახიძე რეესტრში შპს „არწივი 08-ს“ დირექტორად და 60%-იანი წილის მფლობელადაც იყო რეგისტრირებული.