მთავრობა 46 მილიონ ლარიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს

სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია.

პროგრამა "აწარმოე საქართველოში" წარმოადგენს მთავრობის ინიციატივას და მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას.

პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. პროგრამის მიზანია, საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარობისა და საექსპერტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობისა და ტექნიკური დახმარების საშუალებით.

პროგრამის ფარგლებში მოხდება წარმოებზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა, რომელიც შერჩეულია შემდეგი კრიტერიუმებით: იმპორტის მოცულობა და წარმოების ადგილობრივი პოტენციალი. უფრო კონკრეტულად კი, პროგრამის დარგებია ქაღალდისა და მუყაოს წარმოება, მათ შორის შესაფუთი მასალები; სამშენებლო მასალების წარმოება, მათ შორის კერამიკული ფილები, მარმარილო, გრანიტი და სხვა ბუნებრივი ქვები; საფეიქრო წარმოება, მათ შორის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქსოვილი, ნართი (შალი, აბრეშუმი); ქიმიური წარმოება, მათ შორის ზედაპირულად აქტიური საშუალებები; ხის გადამუშავება, მათ შორის საოფისე ავეჯი, მდფ, დსპ; ელექტრომოწყობილობების წარმოება – მათ შორის საყოფაცხოვრებო ელექტოსაქონელი; ფარმაცევტული წარმოება – მათ შორის სადიაგნოსტიკო საშუალებები, მანქანათმშენებლობა, მათ შორის სათადარიგო ნაწილები; რეზინისა და პლასტმასის წარმოება, მათ შორის მილები, მილაკები, ღრუ პროფილები, ტარა, საკანცელარიო ნაწარმი; ლითონის მზა ნაწარმი, მათ შორის რკინა-კავეული, სამზარეულო ნაკეთობანი.

ასევე პიროროტეტულია სოფლის მეურნეობის მიმართულება, მათ შორის მეხილეობა-მებოსტნეობა, მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობების განვითარება, მესაქონლეობის ფერმები, მეფრინველეობის ფაბრიკები, მატყლისა და ტყავის დამუშავება, დაფნის, ჩაისა და თამბაქოს მოყვანა-გადამუშავება, კაკლის, თხილისა და სხვა კაკლოვანების მოყვანა-გადამუშავება; ხილის, კენკროვანების, ბოსტნეულისა და ციტრუსის გადამუშავება.

პროგრამის მიმართულებების განსაზღვრა მოხდა მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა მონაცემთა ანალიზს, მეწარმეების გამოკითხვას და ექსპერტების ჩართულობას. პროექტის ბიუჯეტია 46 მილიონი ლარი, აქედან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე 30 მილიონი ლარი დაიხარჯება, ინდუსტირული პროდუქციის წარმოებაზე კი – 16 მილიონი ლარი.

აღნიშნული პროგრამის განხორციელების ინიციატივა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.