დღეიდან სამშენებლო უსაფრთხოებაზე ჯარიმები გაიზარდა

ახალი, გამკაცრებული სამშენებლო რეგულაციები დღეიდან, 22 მარტიდან ამოქმედდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„დღეს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის თანახმადაც, როგორც სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, ისე უნებართვო მშენებლობასა და პროექტის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე, საჯარიმო სანქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. დიდი იმედი მაქვს, ამ ცვლილებებით მივაღწევთ იმას, რომ მშენებლობებზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული,“-აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცვლილებების შედეგად, უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 30 000 ლარი გახდა; უნებართვო მშენებლობაზე, კერძოდ, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საჯარიმო სანქცია 10 000 ლარიდან 25 000 ლარამდე გაიზარდა. კერძო საკუთრებაში ახალი უნებართვო მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია, რომელიც პარამეტრებით მიეკუთვნება III და IV კლასს, დაექვემდებარება 20 000 ლარით დაჯარიმებას. ასევე, გაიზარდა საჯარიმო სანქციები პროექტის დარღვევით მშენებლობის განხორციელებაზე, კერძოდ, სანქციები III და IV კლასის ობიექტებზე 15 000 და 20 000 ლარით განისაზღვრა.