პარლამენტი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონპროექტს საგაზაფხულო სესიებზე განიხილავს

ჩვენი მთავარი მიზანია, ევროდირექტივების შესაბამისად, ენერგოეფექტურობის შესახებ კანონისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება,

- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორის ხელმძღვანელის მოადგილესთან, კატარინა მატერნოვასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ საქართველოში წარმოდგენილი დონორი ორგანიზაციების - EU, KfW, EBRD, EIB, AFD, IFC - წარმომადგენლები, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩიქოვანი და რომეო მიქაუტაძე.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ენერგოეფექტურობის განვითარება საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღინიშნა, რომ ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის ამოქმედება ხელს შეუწყობს ეროვნული ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის მიღების პროცესს. ყურადღება გამახვილდა ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებაზე სამშენებლო სექტორში, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ შენობებში. ასევე ხაზი გაესვა განახლებადი ენერგიების წყაროების, მაგალითად, მზის სისტემების გამოყენებას შინამეურნეობებში.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა როგორც ევროკავშირს, ასევე სხვა დონორ ორგანიზაციებს (EU, KfW, EBRD, EIB, AFD, IFC) საქართველოს ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და საპილოტე პროექტების მხარდაჭერისთვის. მან ასევე ისაუბრა სხვა კანონპროექტებზე, რომელთა მიღებასაც საქართველოს მხარე აპირებს ახლო მომავალში.

„ჩვენი მიზანია, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მიღება. კანონპროექტი EU4ENERGY-ის ფარგლებში, ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს მხარდაჭერით მომზადდა. პროექტის განხილვას ჩვენ მიმდინარე წელს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ვგეგმავთ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა კანონპროექტზე „საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და მარკირების შესახებ“.

თავის მხრივ, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორის ხელმძღვანელის მოადგილე, კატარინა მატერნოვამ განაცხადა, ევროკომისია და დონორები ორგანიზაციები მზად არიან დაეხმარონ საქართველოს ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიზნით გრანტითა და დაბალპროცენტიანი ფინანსური რესურსით.

შეხვედრის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, ასევე ტექნიკური დახმარებისა და შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფით, რაც საქართველოს ენერგოეფექტურობის მიმართულებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას მისცემს.