იაპონია 2020 წელს ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს. და თანამედროვე სპორტული არენების გარდა, ასობით ათას სპორტსმენს და სტუმარს, კარგად მომზადებული ინფრასტრუქტურითაც უნდა შეხვდეს.
უფრო კონკრეტულად კი, სტუმრებს სწრაფი და ზუსტად მომუშავე ტრანსპორტი დასჭირდებათ იმისათვის, რომ მათთვის სასურველ სპორტის სახეობათა ტურნირებს დაესწრონ.
იაპონიას კარგად განვითარებული სატრანსპორტო სისტემა აქვს. მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეული რკინიგზაა, რომელიც მგზავრთა გადაყვანას, სწრაფმავალი „შინკანსენის“ (ეგრეთ წოდებული ჭურვი მატარებელი) მატარებლებით უზრუნველყოფს. ისინი საათში 300 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდებიან და უზუსტეს გრაფიკს იცავენ.
ახლახან იაპონიის ხელისუფლებამ საზოგადოებას „შინკანსენის“ ახალი თაობის შემადგენლობა - N700S წარუდგინა, რომელიც წინამორბედზე სწრაფი არაა, მაგრამ მასზე 11 ტონით მსუბუქია და უფრო ნაკლებ ენერგიასაც მოიხმარს.
გაუმჯობესებულია ვაგონების ინტერიერი, რომელიც მგზავრებს მეტ კომფორტს სთავაზობს. შეიცვალა მატარებლის ცხვირის აეროდინამიკა, რისი წყალობითაც, გვირაბში გავლისას, ნაკლები ხმაური წარმოიქმნება. იმავდროულად, ახალი ცხვირის ნაწილი, ნაკლებ აეროდინამიკურ წინააღმდეგობას წარმოქმნის.
ახალი მატარებელი ტოკიოსა და ოსაკას შორის რეისების შესრულებას 2020 წელს დაიწყებს. მანამდე კი ტესტირების რეჟიმში იქნება. სრულად განახლდება იმ ლიანდაგების სისტემა, რომლებზე გადაადგილებაც შინკანსენს უწევს.
საინტერესო ფაქტი: 2014 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ შინკანსენის მატარებლების საშუალო დაგვიანება, წელიწადში წუთზე ნაკლებია! თუმცა ეს რეკორდი სულაც არაა. ეს მაჩვენებელი ყველაზე მცირე 1997 წელს ყოფილა, როცა საშუალო დაგვინება მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 18 წამი იყო. მცირე დაგვიანების გარდა, მატარებლები ბაქანზე დროზე ადრეც არ დგებიან. მაგალითად, შარშან დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ტოკიო-ცუკუბას რეისის მატარებელი ბაქანზე განრიგზე 20 წამით ადრე შევიდა. და ამის გამო, ოპერატორმა კომპანიამ მგზავრებს ბოდიში მოუხადა.