ნოდარ ხადური: შესაბამისი უნდა იყოს იმ ადამიანების ანაზღაურება, რომელთა მუშაობაზე ბევრი რამ არის ქვეყანაში დამოკიდებული

შესაბამისი უნდა იყოს იმ ადამიანების ანაზღაურება, რომელთა მუშაობაზე ბევრი რამ არის ქვეყანაში დამოკიდებული.

ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამთავრობო უწყებებში პრემირებულთა და სახელფასო დანამატების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

ამასთან, ნოდარ ხადურმა უარყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგმა უწყებამ არ მიაწოდა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციას სახელფასო დანამატების და პრემირების შესახებ. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს და დასამალი არაფერია.

"ჩვენი ინფორმაცია არის ღია და თქვენ იცით, რომ ისევე, როგორც არც ერთ სხვა მინისტრს, ფინანსთა მინისტრსაც პრემია არ აუღია. ამის შესახებ ჩვენ ინფორმაციას ვაქვეყნებთ. არაფერი დასამალი არ არის. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უდიდესი პასუხისმგებლობა, ადამიანებს, რომელთა მუშაობაზეც დიდად არის დამოკიდებული ბევრი რამ ქვეყანაში, ცხადია, რომ მათი ანაზღაურებაც უნდა იყოს შესაბამისი", - მიაჩნია ნოდარ ხადურს.

ჟურნალისტებმა ნოდარ ხადურს შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზეც ჰკითხეს, რომლის თანახმად, არ არის გამორიცხული, მან თანამდებობა დატოვოს. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სამთავრობო ცვლილებასთან დაკავშირებით კანცელარიამ გააკეთა განცხადება და ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.