პარკირების სისტემის უწყვეტი ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსების შეძენა მერიას 3.7 მლნ ლარი დაუჯდება

პარკირების სისტემის უწყვეტი, ეფექტიანი ფუნქციონირების და მართვის განხორციელების უზრუნველსაყოფად საჭირო შესაბამისი საქონლის, მომსახურების და სამუშაოების შესყიდვა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 3.7 მლნ ლარი დაუჯდება.

კომპანიამ ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით გამარტივებული შესყიდვის უფლების მოპოვებისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. სააგენტოს მიერ აღნიშნული მიმართვის განხილვის საბოლოო თარიღი 27 მარტია.

კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანია გეგმავს: 280-280 ცალი - პერანგის (მოკლესახელოებიანი და გრძელსახელოებიანი); 140-140 შარვლის (ზამთარი,ზაფხული); ასევე 140-140 ცალი - ქამრის, კეპის, ჟილეტისა და ქურთუკის; პრინტერისათვის 1,500 ცალი - ქაღალდის რგოლების; 6 სალარო აპარატის; 1000 ცალის ოდენობის სალარო აპარატის ქაღალდის; 70-70 ტერმინალისა და პრინტერის (პორტატული); 10 ცალი პერსონალური კომპიუტერის; 2 ლეპტოპის; 10 ცალ უწყვეტი კვების წყაროს (UPS); 70 ცალ სამხრე ვიდეო კამერის; 6 ვიდეო კამერის; 15 ცალი IP ტელეფონის; 4 სედანის ტიპის და 2 პიკაპის ტიპის ავტომობილის; 10 ცალი ევაკუატორის; 9,000 ცალი საგზაო ნიშნის; 3 000 დგარის; 3 000 მონტაჟის; 15 ცალი ფოტოაპარატის; 10 საოფისე მაგიდის; 10 გორგოლაჭებიანი სავარძლისა და 5 ნახევრადრბილი სკამის; 10 ტუმბოს; 1 სეიფის; 4 ჯიხურის; 720,000 საჯარიმო ფერადი ქვითრის; 270 000-270 000 A4 ფორმატის ფერადი საჯარიმო და საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ (A4 ფორმატის შავ-თეთრი) ქვითრის შეძენას.

გარდა ამისა, აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში იგეგმება 5,000 კვ. მეტრის საპარკინგე ზონის დახაზვა; 2,000 კვ. მეტრზე დამცავი ღობის მოწყობა და 500 კვ. მეტრის ფართობის ადმინისტრაციული შენობის რემონტი.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერიამ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, 10 აპრილიდან სატრანსპორტო საშუალებათა პარკირებას დედაქალაქში თბილისის სატრანსპორტო კომპანია უზრუნველყოფს.