საბაგიროს მომსახურეობას „მთის კურორტების განვითარების კომპანია" ახორციელებდა მსოფლიოში დამკვიდრებული კარგი პრაქტიკის მიხედვით, - ამის შესახებ კომპანია „დოპელმაიერის" დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ნიკოლოზ გრძელიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კომპანია „დოპელმაიერი" ყურადღებით აკვირდება იმას, თუ როგორ მიმდინარეობს დაზარალებულების რეაბილიტაციის პროცესი. მისივე ინფორმაციით, ეს პროცესი საკმაოდ დინამიურია.
როგორც ნიკოლოზ გრძელიძემ აღნიშნა, სულ რამდენიმე ადამიანი რჩება საავადმყოფოში და მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„კომპანია "დოპელმაიერის" სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მთის კურორტების განვითარების კომპანიას, "ბიურო ვერიტასს" იმისათვის, რომ ფაქტია, ერთი კვირის შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ და დავდეთ დამოუკიდებელი დასკვნა. ეს არ იქნებოდა შესაძლებელი უაღესად კოორდინირებული პროცესის უზრუნველყოფის გარეშე. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ გუდაურის საძელის საბაგირო იყო აბსოლუტურად გამართული. ყველა სისტემა მუშაობდა ტექნიკური პროტოკოლის მიხედვით. საბაგიროს მომსახურეობას "მთის კურორტების განვითარების კომპანია" ახორციელებდა მსოფლიოში დამკვიდრებული კარგი პრაქტიკის მიხედვით. ეს არის ცალსახა. კომპანია "დოპელმაიერს" 14 800 ინსტალაცია აქვს მსოფლიოს მასშტაბით 92 ქვეყანაში. ჩვენ საქართველოში ტურისტულ სექტორსა და ურბანული ტრანსპორტის სექტორში ვმუშაობთ 1988 წლიდან და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად საშუალება მოგვეცემა, რომ მომავალში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს შევმატოთ მეტი ღირებულება და გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა წარმატებით ამ ქვეყანაში", - განაცხადა ნიკოლოზ გრძელიძემ.
მისივე თქმით, საბაგირო იმყოფებოდა სრულ მზადყოფნაში, ის იყო ტექნიკურად გამართული და ყველაფერი აჩვენებს, რომ "მთის კურორტების განვითარების კომპანია" მას უვლიდა მსოფლიოში დამკვიდრებული კარგი პრაქტიკის მიხედვით.
გრძელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობასთან ერთად ისინი აუცილებლად იმუშავებენ საბაგიროს რეაბილიტაციის პროექტზე.