გაერთიანებული ერების მიერ, მსოფლიოში წყლის რესურსების მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2050 წლისთვის, ჩვენი პლანეტის მოსახლეობის დიდ ნაწილს, კერძოდ კი 5 მილიარდ ადამიანს, წყლის უკმარისობის პრობლემა ექნება.
ამის მთავარი მიზეზები კი, კლიმატის ცვლილება, მოხმარების ზრდა და წყლის რესურსების დაბინძურება გახდება.
ყოველწლიურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ წყლის პრობლემას კონფლიქტების და ცივილიზაციური საფრთხეების წარმოქმნაც შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ მდინარეებზე, ტბებზე, წყალსაცავებზე, ჭაობებზე და მტკნარი წყლის სხვა რესურსებზე, ეკოლოგიური ზეწოლა არ მოიხსნება.
წყალთან დაკავშირებული პრობლემები, რიგ ქვეყნებში უკვე სერიოზულად დგას. მაგალითად, სამხრეთ აფრიკის კეიპტაუნში ეგრეთ წოდებული ნულოვანი დღისთვის ემზადებიან. ის 12 აპრილისთვის არის დანიშნული და ამ დღეს, 4-მილიონიან მეგაპოლისში, მოსახლეობას და საწარმოებს, მუნიციპალური წყალმომარაგება სრულად შეუწყდება. ქალაქის ხელისუფლება თავს იმართლებს იმით, რომ ძლიერი გვალვის შემდეგ დაცარიელებულ წყალსაცავებში საკმარისი წყლის დაგროვება ვერ მოხერხდა.
გაეროში ამბობენ, რომ მსგავსი „ნულოვანი დღეები“, მსოფლიოს სხვა დიდ ქალაქებშიც ჩვეულებრივ ამბად იქცევა. ამას პირველ რიგში, მეგაპოლისებში მოსახლეობის რიცხვის განუხრელი ზრდა განაპირობებს, ქალაქების ინფრასტრუქურა კი ამისთვის მზად არაა. კლიმატის ცვლილების გამო კი, პლანეტის მშრალი ადგილები კიდევ უფრო მეტად ზარალდება. პრობლემები ისეთ რეგიონებშიც იქმნება, სადაც ჩვეულებრივ, ისინი არ არსებობდა.
გაეროს ექსპერტთა პროგნოზით, წყლის უკმარისობის პრობლემა ყველაზე სწრაფად განვითარებად ქვეყნებში გაიზრდება. გარდა ამისა, კლიმატის ცვლილება, ამ პრობლემის კიდევ უფრო გამძაფრებას გამოიწვევს, რაც წყალმომარაგებაზე ზეწოლის გაძლიერებაში აისახება, რადგან ნოტიო რეგიონები სულ უფრო მეტად ტენიანი გახდება, მშრალს რეგიონებს კი წყალი უფრო მეტად დააკლდება.
მოხსენებაში საუბარია იმაზე, რომ ადამიანი მუდმივად ცდილობს წყლის ბუნებრივი და ხელოვნური რესურსების ინტენსიურ ექსპლუატაციას და ამ დროს, პრაქტიკულად, არ ითვალისწინებს ბუნების შესაძლებლობებს და ცირკულაციის მექანიზმებს.
წყლის მოხმარების მკვეთრი ზრდის, გარემო პირობების გაუარესების და კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული უარყოფითი გავლენის კვალობაზე, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ მტკნარი წყლის გამოყენების მიმართულებით ახალი სტანდარტების ჩამოყალიბება აუცილებელი და გარდაუვალია.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2050 წელს 5.7 მილიარდ ადამიანამდე იცხოვრებს ისეთ რეგიონებში, სადაც წლის განმავლობაში, სულ ცოტა ერთი თვე მაინც, წყლის სერიოზული დეფიციტი იარსებებს. ამჟამად ასეთი პრობლემით მხცოვრები მოსახლეობის რიცხვი 3.6 მილიარდია. იმავდროულად, 1.2-დან 1.6 მილიარდამდე გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც წყალდიდობების რისკის ქვეშ იცხოვრებენ.
იუნესკო-ს გენერალური დირექტორი ოდრი აზულაი ამბობს, რომ მე-20 საუკუნის დაწყების შემდეგ, პლანტაზე არსებული ტყიანი და დაჭაობებული მიწების დაახლოებით ორი მესამედი დაიკარგა. და ეს არის ტენდენცია, რომელიც აუცილებლად უნდა შეჩერდეს.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ წყლის უკმარისობას, სამოქალაქო არეულობათა, მასობრივი მიგრაციების და საერთაშორისო კონფლიქტების გამოწვევაც კი შეუძლია. ამიტომ, პლანეტის რესურსების მდგრად და გააზრებულ გამოყენებას, ჩვენს პლანეტაზე ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის საქმეში, გადამწყვეტი როლი მიენიჭება“, - ამბობს აზულაი.