„ბაზრის 30%-ს ვიკავებთ და გვსურს, 50%-მდე ავიდეთ“ - როდის შევა „ლიდერფუდი“ რითეილის ბაზარზე?

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლიდერფუდი“ კონკურენტებისგან განსხვავებულ, საიმიჯო მაღაზიებს გახსნის.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის მარკეტინგის სპეციალისტმა ხვიჩა ჯღუთაშვილმა განუცხადა, ზუსტი თარიღი, თუ როდის შევა „ლიდერფუდი“ რითეილის ბაზარზე გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ეს 2018 წელს მოხდება.

„პირველი მაღაზია აუცილებლად თბილისში გაიხსნება. შემდეგ უკვე იქნება მცხეთაში, ჩვენს ახალ ქარხანასთან ახლოს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. რეგიონებს რაც შეეხება, ჯერჯერობით მაღაზიების რეგიონებში გახსნა არ იგეგმება, თუმცა შემდგომში ეს შესაძლებელი იქნება. ჩვენ კლასიკური სუპერმარკეტებს კი არა, რამდენიმე საიმიჯო მაღაზიას გავხსნით, რომელიც კონკურენტების მიერ შემოთავაზებული მაღაზიებისგან განსხვავებული იქნება. საფირმო მაღაზიებს დამატებით ბევრი სხვა ფუნქციაც ექნება“, - აცხადებს ჯღუთაშვილი.

მისივე თქმით, ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ, „ლიდერფუდი“ ბაზრის 50%-ის ათვისებას და ასევე, ასორტიტემნის გაზრდას აპირებს.

„საწარმოს გახსნამდე, ჩვენ ბაზრის 30%-ს ვიკავებდით. თუმცა უკვე ახალი საწარმოს პირობებში, ვაპირებთ, რომ 50%-მდე ავიდეთ. ასევე, ჩვენს უახლოეს გეგმებში შედის ასორტიმენტის გაზრდა. არსებული ასორტიმენტის ფორმები და წონები მუდმივად იცვლება, თუმცა უკვე ახალ პროდუქტს უახლოეს მომავალში დავამატებთ“, - განმარატვს კომპანიის მარკეტინგის სპეციალისტი.

ხორცპროდუქტების კომპანია „ლიდერფუდი“ 2009 წლიდან ოპერირებს. 2017 წლის შემოდგომიდან კი წარმოება ახალ საწარმოში განაგრძო, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს პროექტ „აწარმოე საქართველოს“ თანაინვესტირებით განხორციელდა. საწარმოს სრული ფართი შეადგენს 1 ჰექტარს და მდებარეობს მცხეთაში. „ლიდერფუდი“ დღეისათვის 100-მდე დასახელების ხორცპროდუქტს აწარმოებს.

თეონა კენჭიაშვილი