ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის(IFC) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული სექტორების დაფინანსების გამო როგორიცაა: საფინანსო სექტორი, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ჯანდაცვის სფერო, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ტურიზმი, კაპიტალის ბაზრის განვითარება.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ისაუბრა წლის დასაწყისიდან ქვეყანის ეკონომიკაში მიმდინარე დადებით ტენდენციებსა და წლის განმავლობაში დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მომავალში განაგრძობს საქართველოში მიმდინარე რეფორმების, კერძო სექტორის მხარდაჭერას.