სამინისტრო ურჩ პოლიკლინიკებს დააჯარიმებს

იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეებს დამატებით თანხას გადაახდევინებენ, ჯანდაცვის სამინისტრო აუცილებლად დააჯარიმებს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, დაწესებულებას ჯერ პაციენტისთვის თანხის დაბრუნდება, შემდეგ კი ბიუჯეტის სასარგებლოდ მომსახურებაში აღებული თანხის სამმაგი ოდენობის თანხის გადახდა მოუწევს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს ყველა დარღვევის დაფიქსირება ძალიან გაუჭირდება.

მთავრობის ყველაზე წარმატებულ პროგრამას უკმაყოფილო ბენეფიციარები უკვე გამოუჩნდნენ. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეების გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ამბულატორიულ მომსახურებისას სპეციალისტთან ვიზიტში თანხის სრულად გადახდას სთხოვენ.

”სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი ვარ. ვიცი, რომ მკურნალობა უფასოა, მაგრამ პოლიკლინიკაში მაინც თანხის გადახდას მთხოვენ. სახელმწიფო ბევრ სამედიცინო მომსახურებას აფინანსებს, მაგრამ მეუბნებიან, რომ ექიმს ფული მაინც უნდა მივცე, თუნდაც ცოტა”, - ანალოგიური ტიპის პრობლემებით ”ბიზნეს-რეზონანსს” სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეები უკავშირდებიან და დეტალებში გარკვევას სთხოვენ.

ერთ-ერთი ჩვენი რესპონდენტი ნათია ბეგიაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინის თბილისში მდებარე ერთ-ერთ პოლიკლინიკაში გამოკვლევისთვის მივიდა. ოჯახის ექიმმა უფასოდ გასინჯა, შემდეგ კი სპეციალისტთან ვიზიტი დასჭირდა, რაშიც უკვე თანხის სრულად გადახდა მოსთხოვეს.

”ზუსტად ვიცი, რომ კარდიოლოგთან ვიზიტში უნდა გადავიხადო მხოლოდ მომსახურების 30%, პოლიკლინიკაში კი მთხოვდნენ, რომ მთლიანი თანხა გადამეხადა. როდესაც ვუთხარი, რომ აღნიშნულ საკითხში კარგად ვერკვევი და ვიცი, რას როდის და როგორ აფინანსებს სახელმწიფო, მერე 30% გადამახდევინეს. მე რომ არ მცოდნოდა თუ რას აფინანსებს სახელმწიფო, ხომ მომიწევდა მთლიანი თანხის გადახდა?

თბილისში ბევრმა არ იცის, რას აფინანსებს სახელმწიფო, სოფლებში კი უფრო მძიმე სიტუაციაა. იქ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, პრაქტიკულად, არ იცის, თუ რა ტიპის სამედიცინო მომსახურებაა უფასო და რა ფასიანი. ამიტომ, ხშირად ხდება, რომ პროგრამით მოსარგებლეებს ფულს ახდევინებენ ან ეუბნებიან, რომ მომსახურება კი უფასოა, მაგრამ ექიმს ”პატივი” უნდა სცეს. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ამ საკითხს სერიოზულად მიუდგება და იზრუნებს იმაზე, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობა გაიზარდოს. ასევე მართებული იქნება თუკი ურჩი ექიმების მიმართ ზომები გამკაცრდება”, - უთხრა ”ბიზნეს-რეზონანსს” ნათია ბეგიაშვილმა.

ასეთი ფაქტები არა მარტო რაიონებში, არამედ დიდ ქალაქებშიც არც თუ იშვიათია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პრობლემების აღმოფხვრის მიზნით უწყება აქტიურად მუშაობს.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის რუსუდან გოგოლაშვილის თქმით, ამგვარი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებას ჯერ პაციენტისთვის თანხის დაბრუნება, შემდეგ კი ბიუჯეტის სასარგებლოდ მომსახურებაში აღებული თანხის სამმაგი ოდენობის თანხის გადახდა მოუწევს.

”ეს არის ერთგვარი შემაკავებელი ფაქტორი და ასეთი ღონისძიება ყველა დამრღვევის მიმართ გატარდება. რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეების დაცვას, ამ მიმართულებით 50-კაციანი მონიტორინგის ჯგუფი მუშაობს. ეს ჯგუფი ახლაც ერთ-ერთ მსხვილ ამბულატორიულ კლინიკაშია შესული და სწავლობს სიტუაციას.

რაც შეეხება ე.წ. მარცხენა ჯიბის პრაქტიკას. ასეთი რამ ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, ანუ ჩვენთან არავის მოუმართავს, რომ ექიმმა ფული მოსთხოვა და პაციენტმა მისცა. თუმცა, ვიმეორებ თუკი კლინიკამ პროგრამულ მომსახურებაზე გადაახდევინა პაციენტს გადასახადი, ის აუცილებლად დაჯარიმდება”, -დასძინა გოგოლაშვილმა.

ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ზვიად კანდელაკი სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამას დადებითად აფასებს, თუმცა თვლის, რომ კონტროლი აუცილებლად უნდა გაძლიერდეს.

”ვიცით, რომ მთავრობა ბევრ ნოზოლოგიას აფინანსებს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ბენეფიციარებს მომსახურებაში ზოგჯერ ფულსაც ახდევინებენ. ამიტომ მონიტორინგის ჯუგფი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში ასეთი პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობს, აუცილებლად უნდა გააქტიურდეს. ამით, პირველ რიგში, მოხდება პაციენტის უფლებების დაცვა და სახელმწიფო ფინანსებიც მკაცრად გაკონტროლდება”, - დასძინა კანდელაკმა.

ცნობისათვის, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა უკვე წელიწადზე მეტია მოქმედებს და ის ამბულატორიულ მომსახურებასთან ერთად, გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებსაც აფინანსებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის 1-ლი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით 200 763 შემთხვევა დაფიქსირდა.

აქედან, ყველაზე მეტი, 75 098 შემთხვევა გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებაზე მოდის, 334 კი - მხოლოდ გეგმიურზე. გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში გეგმიური სტაციონალური მომსახურებით 46 917-მა ადამიანმა ისარგებლა, გეგმიური ქირურგიული მომსახურების კი - 18 720 შემთხვევა დაფიქსირდა.

ელზა წიკლაური

წყარო : გაზეთი ”რეზონანსი”