უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან პეკინის გამზირამდე ველობილიკის პროექტის მოსამზადებლად სატენდერო პირობები შეიცვალა

უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, სანდრო ეულის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მარიჯანი-ქავთარაძის ქუჩები, ალექსანდრე ყაზბეგისა და პეკინის გამზირები ერთმანეთს ველობილიკით დაუკავშირდება.

კერძოდ, თბილისის მერიის მიერ უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან პეკინის გამზირამდე ველობილიკის მოწყობისა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული გამწვანების თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი ახლიდან გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება და 29 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 40 ათასი ლარია. ცნობისთვის, წინა სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 31 860 ლარი იყო, თუმცა, ის ტენდერი არ შედგა.

საპროექტო ობიექტი იწყება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან, გაივლის სანდრო ეულის ქუჩას, ვაჟა-ფშაველას გამზირს, მარიჯანის ქუჩას, ქავთარაძის ქუჩას, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირს და მთავრდება პეკინის გამზირზე, სადაც უნდა მიუერთდეს არსებულ ველობილიკს. საპროექტო ველობილიკის სავარაუდო სიგრძე 5100 მ-ია (დაზუსტდეს პროექტირებისას), ხოლო სიგანე ერთი მიმართულებით უნდა იყოს 1,5 მ. ორივე მიმართულებით კი ველობილიკის საერთო სიგანე უნდა შეადგენდეს 3 მ-ს. მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს საპროექტო უბანზე სრულყოფილი საველე საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და შესაბამისი საგზაო სამოსის გათვალისწინებით ახალი ველობილიკის მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას. გეგმაში ველობილიკი ძირითადად უნდა მოეწყოს ტროტუარის გვერდით არსებულ გზის სავალ ნაწილზე, ხოლო სიმაღლეში უნდა დაპროექტდეს ისეთ დონეზე, რომ გათვალისწინებულ იქნას წყლის აცილება, როგორც საპროექტო ბილიკზე, ასევე არსებულ ტროტუარზე და დარჩენილ გზის სავალ ნაწილზე. ამისათვის საჭირო გახდება ტროტუარის ბორდიურთან არსებული სანიაღვრე ჭების დემონტაჟი და ახალი ჭების მოწყობა ველობილიკის ახალ ბორდიურებთან,“-ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.