საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ პროგრამას დადებითად აფასებენ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საზოგადოებისათვის წარდგენილ პროგრამას "აწარმოე საქართველოში" დადებითად აფასებენ და მხარდაჭერას უცხადებენ.

როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, ეროვნული წარმოების ის დარგები, რომელთაც სათანადო რესურსი აქვთ, სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში შესაძლოა, კონკურენტუნარიანი გახდნენ და არათუ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, ექსპორტზეც კი გაიტანონ ადგილობრივი ნაწარმი.

"დამწყები ბიზნესისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში უკვე არსებულ, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს, გაიზიარონ გამოცდილება და შეიძინონ ბიზნესპარტნიორები", - აცხადებენ ასოციაციაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც ბიზნეს ასოციაციაში საუბრობენ, საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისათვის მუდმივი ზრუნვა და ამ მიმართულებით კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა, რაც ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დიალოგით, მჭიდრო თანამშრომლობითაა შესაძლებელი.