რაჭას ეროვნული პარკი და რამდენიმე ბუნების ძეგლი ექნება - „პარლამენტს კანონპროექტი შემოდგომაზე წარედგინება“

2019 წლისთვის რაჭაში სხვადასხვა კატეგორიის რამდენიმე დაცული ტერიტორია შეიქმნება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით მარკოზაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტერიტორიების შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს, შემოდგომაზე კი კანონპროექტი უკვე პარლამენტს წარედგინება.

„რაჭას აუცილებლად ექნება ეროვნული პარკი და რამდენიმე ბუნების ძეგლი. სტატუსი დაცულ ტერიტორიებს სავარაუდოდ, 2018 წლის ბოლოს ან 2019 წლის დასაწყისში მიენიჭება. ახლა აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, შემოდგომაზე კი კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ დავით მარკოზაშვილმა.

მისივე თქმით, დაცული ტერიტორია დაიწყება ონის რაიონიდან და დასრულდება ამბროლაურის რაიონში. კითხვაზე, თუ რა ფართობზე იქნება დაცული ტერიტორია და რა იქნება მისი ბიუჯეტი, მარკოზაშვილი განმარტავს, რომ ამას ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის მიერ დაფინანსებული კვლევა აჩვენებს. მისი ინფორმაციით, სად რომელი სტატუსი შეიქმნება, ეს დამოკიდებული იქნება ფონური კვლევების დასკვნის შემდეგ. კვლევები გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით ფინანსდება და მისი ბიუჯეტი 1.5 მილიონ ევროს აღემატება.

პროექტის საბოლოო მიზანი დაცული ტერიტორიების იურიდიული დაარსებაა. დაცული ტერიტორიები შექმნისთანავე სამართავად დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაეცემა.

ამჟამად საქართველოში 88 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიაა: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 42 ბუნების ძეგლი, 19 აღკვეთილი და 2 დაცული ლანდშაფტი. დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 600 597 ჰექტარია, რაც ქვეყნის ტერიტორიის 8 პროცენტია.