შსს-მ ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

სამართალდამცავებმა ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: ჯემალ გ, გაბრიელ მ, გიორგი ხ. და მინდია ბ. ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით დაკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები წინასწარ შეთანხმებით ორგანიზებას უწევდნენ თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ყალბი ვალუტის, აშშ დოლარის კუპიურების შემოტანას, შემდგომი რეალიზების მიზნით.

სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მფლობელობაში არსებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ყალბი აშშ დოლარის 49 ერთეული კუპიურა 4900 აშშ დოლარის ოდენობით ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).