ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს.

როგორც საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზების მიზნით, ერთ შემთხვევაში - 880 კოლოფი, ხოლო მეორე შემთხვევაში - 551 კოლოფი ე.წ. ელექტრო სიგარეტისათვის განკუთვნილი HEETS-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 7 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 - დან 4 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.