„ბინის შემძენთა 80% იპოთეკური სესხს იყენებს“ – რა განაპირობებს უძრავი ქონების რეგისტრაციის მზარდ სტატისტიკას

უძრავი ქონების სააგენტო Myclient.ge გაეცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებულ სტატისტიკას უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკასთან დაკავშირებით.

აღნიშნული სტატისტიკა საჯარო რეესტრის მიერ ყოველთვიურად დგინდება და დღეის მონაცემებით, შესაძლებელია, ვიხილოთ, როგორი იყო უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა 2010 წლის იანვრიდან დღემდე.

ამჯერად გთავაზობთ ბოლო 3 წელში დარეგისტრირებულ უძრავ ქონებათა სტატისტიკას: 2015 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სულ 546 830 უძრავი ქონების რეგისტრაცია განხორციელდა. 2016 წელს გაიზარდა და სულ 647 117 უძრავი ქონება დარეგისტრირდა, ხოლო 2017 წელს - 867 776.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, ამჯერად, მხოლოდ იანვრის თვის მონაცემებია გამოქვეყნებული და ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის იანვარში სულ 79 873 უძრავი ქონება დარეგისტრირდა.

როგორც ვხედავთ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების რეგისტრაციის სტატისტიკა წლების მიხედვით მზარდია. აღნიშნულ ტენდენციას Myclient.ge-ს დირექტორი გვანცა გუჯელაშვილი რამდენიმე ფაქტორით ხსნის.

„უძრავი ქონების რეგისტრაციის სტატისტიკის ზრდას რამდენიმე ფაქტორი აქვს. მაგალითად, ბოლო პერიოდში მშენებლობების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია. ეს ტენდენცია განსაკუთრებით დედაქალაქში შეიმჩნევა, სადაც, სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეების რიცხვი იმატებს. ლოგიკურია, ამ ადამიანებს სჭირდებათ საცხოვრებელი, რასაც უმეტესად იპოთეკური სესხის საშუალებით შედარებით მარტივად იძენენ - ჩვენი ინფორმაციით, ბინის შემძენთა 80% სწორედ იპოთეკური სესხს იყენებს. მეორე ფაქტორია ის, რომ უცხოელებისთვის ბიზნესის წარმოება საქართველოში ძალიან მარტივი და უსაფრთხოა. შესაბამისად, სხვა ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეები, რომლებიც ბიზნესის დაწყებას ჩვენს ქვეყანაში გეგმავენ, სხვადასხვა მნიშვნელობის (იქნება ეს საცხოვრებელი სხლი, მიწა, კომერციული ფართი თუ სხვ.) უძრავ ქონებას ყიდულობენ,“- განმარტავს გუჯელაშვილი.