„როდესაც საუბარია საკუთრების ჩამორთმევაზე, ასეთი განცხადებები დამერწმუნეთ, მხოლოდ და მხოლოდ უმუშევრობას გაზრდის ქვეყანაში“
ბიზნესომბუდსმენის აპარატი მზად არის, „აგარის შაქრის კომპანიასთან“ დაკავშირებულ პრობლემებს დეტალურად გაეცნოს და მხარეებს გამოსავლის მოძებნაში დაეხმაროს. ირაკლი ლექვინაძის მტკიცებით, მისთვის გასაგებია აგარის შაქრის ქარხნის ყოფილი თანამშრომლების მოთხოვნები, თუმცა მისაღებია კომპანიის ადმინისტრაციის პოზიციაც. ბიზნესომბუდსმენი ფიქრობს, რომ პრობლემა გლობალურია და დიალოგი მისი მოგვარების ერთადერთი გზაა. მისივე თქმით, ობმუდსმენის აპარატს ჰქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთანაც და აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს უწყებასთან.
„აბსოლუტურად გასაგებია კომპანიის პოზიცია. როდესაც იცვლება სურათი ბაზარზე, როდესაც ხდება გარკვეული გარემოებების ცვლილება, ბუნებრივია, კომპანია უნდა გადაეწყოს, ან, სხვა შემთხვევაში, გაჩერდეს. ის რეჟიმი, რაც ახლა არის, თუ გაჩერდება რამდენიმე თვის შემდეგ, ზუსტად ამ არაკონკურენტული პირობების გამო დასაქმებულებისთვის რეალურად ვითარება არ შეიცვლება. რესურსები გამოსანახია. მე კონკრეტულად გამიჭირდება რამე გითხრათ, იმიტომ რომ თვითონ სამინისტროს პოზიციაა აქ ძალიან მნიშვნელოვანი. მე მქონდა გარკვეული კომუნიკაცია ამ მიმართულებით და ვმუშაობთ. დამერწმუნეთ ახლა მარტივი არ არის, ეს არის ერთი მთლიანი გლობალური შეთანხმება და იქ რაიმე ცვლილების შეტანა შეიძლება დიდ სირთულეებთან და დიდ დროსთან იყოს დაკავშირებული,“ - აცხადებს ლექვინაძე.
ბიზნესომბუდსმენი აგარის შაქრის ქარხნის ყოფილ თანამშრომლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სიტუაციის დაძაბვისგან და მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, რადგან, ლექვინაძის მტკიცებით, დიალოგი პრობლემის გადაჭრის საუკეთესო მეთოდია.