აფბას ვიცე პრეზიდენტი - არსებობს ეჭვები, რომ სათამაშო ბიზნესის ლობი გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე, რის გამოც ამ ბიზნესის რეგულაციები ჭიანურდება

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესს ჰყავს ლობისტები, რომლებიც გავლენას ახდენენ, როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რის გამოც ამ ბიზნესის რეგულაციები ჭიანურდება.

როგორც ანდრია გვიდიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, არსებობს ეჭვი, რომ სათამაშო ბიზნესში კორუფციული სქემებია.

უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, გვიდიანი კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.

“კონკრეტული სახელებისა და გვარების თქმა გამიჭირდება და ჩემგან არასერიოზული იქნება ვინმეს ხელი დავადო, თუმცა ბიზნესს, რომლის ბრუნვაც არის 4 მილიარდ ლარზე მეტი, ჰყავს თავისი ლობისტური ჯგუფები და ესენი არიან სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები“, - განაცხადა გვიდიანმა.

მისივე განცხადებით, 2012 წლამდეც აქტიურად მიმდინარეობდა საუბრები სათამაშო ბიზნესის მოწესრიგების და რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ მიმართულებით ეფექტური ნაბიჯები დღემდე არ არის გადადგმული.

„აქედან გამომდინარე, არსებობს გარკვეული ეჭვები, რომ სათამაშო ბიზნესის ლობი აქტიურად ახდენს გავლენას, როგორც აღმასრულებელ ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებზე და ჩნდება კორუფციული ეჭვები ამ მიმართულებით იმდენად, რამდენადაც მუდმივად, ყოველ წელს აქტიურდება ხოლმე სათამაშო ბიზნესის მოწესრიგების თემა, თუმცა მალევე იჩქმალება და სხვა ლოგიკურ მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ არ არის ამ დრომდე რაიმე ღონისძიებები გატარებული სათამაშო ბიზნესის მოწესრიგების თვალსაზრისით”, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

ანდრია გვიდიანი მოითხოვს სათამაშო ბიზნესის მოწესრიგების მიმართულებით რეალური ნაბიჯები გადაიდგას.