თბილისის მერიამ იმ ქუჩების დამისამართება დაიწყო, სადაც სამისამართე აბრები ამ დრომდე არ არსებობდა. თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის საკრებულოს წევრებთან ერთად ოქროყანაში იმყოფებოდა, სადაც დღეიდან 35-მდე ქუჩაზე სამისამართე აბრები გაიკვრება.
"დავიწყეთ ქუჩების დამისამართება მთელი ქალაქის მასშტაბით. პირველ ეტაპზე განხორციელდება თბილისს შემოერთებული ტერიტორიების დამისამართება. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის, რადგან სასწრაფოს, სახანძროს და პატრულის გამოძახების შემთხვევაში, ძალიან რთულდება კონკრეტულ ადგილზე მისვლა. ზოგადად, ცუდია, როდესაც განვითარებულ ქალაქებში არ არის სამისამართე აბრები და ნებისმიერ გამვლელ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა გაიგოს რომელი ქუჩაა და სად იმყოფება. შესაბამისად, ეს პრობლემა ქალაქში იქნება მოგვარებული", - განაცხადა კალაძემ.
თავის მხრივ, თბილისის საკრებულოს წევრის, სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან ქუჩების სამისამრთე აბრების განთავსებისთვის 500 ათასი ლარი გამოიყოფა.
"ოქროყანაში ოცდაათი ქუჩა, ჩიხი და შესახვევია სამისამართე აბრის გარეშე. შესაბამისად, მერიამ სამისამართე აბრების დამონტაჟება დაიწყო სწორედ ამ ტერიტორიიდან, ვინაიდან მოსახლეობა ძალიან ხშირად მოგვმართავდა. ამის გამო, მათ მრავალი პრობლემა ხვდებოდათ, ვერ იძახდებდნენ სასწრაფოს, საპატრულო პოლიციას და სხვა. შესაბამისად, თბილისის მასშტაბით, როგორც შემოერთებულ ტერიტორიებზე, ასევე ცენტრალურ უბნებზეც მერია აქტიურად იმუშავებს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ იმ ქუჩებზე სადაც პრობლემებია სწორედ სამისამართე აბრებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად სწრაფ ვადებში აღმოვფხვრათ. 500 000 ლარია გამოყოფილი ამ კონკრეტული შემთხვევებისთვის ანუ სამისამართე აბრების მონტაჟისთვის და ამ თანხების ფარგლებში მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ბევრი ქუჩა ავითვისოთ როგორც შემოერთებულ ტერიტორიებზე, ასევე თბილისის ცენტრალურ უბნებშიც. შეუძლებელია განსაზღვრა თუ რამდენი ქუჩაა აბრების გარეშე, იმიტომ, რომ პერიოდულად შემოდის განცხადებები. ვფიქრობთ, რომ ამ ბიუჯეტით დაახლოებით, 13 000-ზე მეტ აბრას გავაკრავთ",- განაცხადა ნიბლოშვილმა.